დაგვჭირდება "ბუსტერ" დოზა, ვმსჯელობთ, მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება - ამირან გამყრელიძე
დაგვჭირდება "ბუსტერ" ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვაქცინის დამატებით დოზას მას შემდეგ განიხილავენ, რაც ქვეყანაში ორჯერადად აცრილების გარკვეულ ზღვარზე ავალთ.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება ბუსტერ ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ზღვარზე ავალთ ორჯერადი ვაქცინაციის. ამაზე ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია. ამაზე მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და შემდეგ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ზოგადად, ბუსტერ დოზა საჭირო გახდება", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში, 30 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 785 862 აცრა.