"ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი" - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში არსებულ დაბალ ვაქცინაციის მაჩვენებელს ეხმაურება და მოსახლეობას აცრისაკენ მოუწოდებს.
„ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი. ქვეყანაში გვაქვს სამი ათასი ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-დან 40-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს სამი მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი.
დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 %-იან აცრას. ჩვენ სულ 20 % გვყავს სრულად, ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 % ჰყავს სამჯერ აცრილი. საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან? წირავენ სასიკვდილოდ. პირდაპირ საბოტაჟს უწევს მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს,” – თქვა ცერცვაძემ.