„ბოლო 3 დღეა ეპიდვითარება უარესდება" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 3 დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება შეიმჩნევა.
„ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. ძალიან გთხოვთ, რომ ამას ხაზი გავუსვათ, იმიტომ, რომ ბოლო 3 დღეა წინა 2 კვირასთან შედარებით გვაქვს 300 ერთეულით მეტი, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი ფაქტია.
ისევ გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. სწორედ ის, რომ დაიწია ვაქცინაციის მაჩვენებელმა და 9000 ფარგლებში ვართ, ეს არის ძალიან ცუდი.
თან ახლა მოდის ცივი სეზონი, სხვა რესპირაციული ვირუსებიც მოვა, განსაკუთრებით გამოჩნდება ოქტომბრის ბოლოს გრიპი და ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია. „ტვინინგ“, იცით რაც არის, დატყუპება. ტვინდემია ანუ დატყუპება ორი ინფექციის გრიპის და კოვიდის. ძალიან საყურადღებოა და მოსახლეობამ მინდა, რომ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება.
„ქვეყანაში სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55% იმუნური ფენის და თუ ეს არ იქნა 80%, მაშინ სამწუხაროდ გვექნება რთული ნოემბერი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.