ბოლო მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 150 სკოლა და 400-მდე კლასი გადავიდა
თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სკოლებში ინფექციის გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას სკოლები ახერხებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-მდეა.
„იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია მასწავლებელთა 80%-ზე მეტი აცრილი იყოს. ბოლო მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 150 სკოლა და 400-მდე კლასი გადავიდა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის. კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ეს იქნება ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სასწავლო პროცესი სკოლებში შევინარჩუნოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.