დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება – გიგი კალანდაძე
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ საექსტრადაციო პერიოდი გირაოთი შეუცვალეს.
მისი ინფორმაციით, სასამართლო მის საქამეზე რამდენიმე კვირაში გაიმართება.
„ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე მე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, სადღაც სამი წლის მერე წამიყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს ბრალი არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული…
იმდენი დარღვევაა, რომ მთელი დღე არ მეყოფა ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი, რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით”, – განუცხადა გიგი კალანდაძემ ტელეკომპანია “მთავარს”.
ცნობისათვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.
გიგი კალანდაძე გერმანიაში, ბერლინში 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.