ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა - სამხარაული
ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ სისხლ-ძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, - ამის შესახებ ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც შს სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.
როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ეს დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.
„გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოებში). ორმხრივი საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი- ერთი საათი, მარჯვნივ 30 წთ-4 საათი“, - წერია დასკვნაში.
აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერენ კონსტანტინე ცქიტიშვილი და ალექსანდრე გეჯაძე.