საგარეჯოში სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პოლიციელს თავი აქვს გატეხილი
საგარეჯოში სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "მთავარი არხის" ცნობით, ნაცემია პოლიციელი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც თავი აქვს გატეხილი. მას ადგილობრივმა თავში ბოთლი ჩაარტყა.
დაპირისპირების მიზეზი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იყო, რომლებიც ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ ჩხუბში პოლიციელები ჩაერივნენ - სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კონცერტის დროს ადგილობრივები სცენაზე ავიდნენ, ერთ-ერთი მათგანი ამბობს:
"საქართველოს სადარაჯოზე ომარა ხუბულური იდგა, სამჯერ ავღანეთში მყოფი, გარდაიცვალა ტრაგიკულად და დღეს აქ კონცერტი გამართეს, მთავრობას ეს არ უნდა გაეკეთებინა".
შსს-ს ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 ადამიანი იმყოფება, მათ ბრალად პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.