ათობით ბანკირი მთელი მსოფლიოდან მამუკა ხაზარაძეს მხარს უჭერს
„თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესამდე ორი დღით ადრე მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების 60–მა ბანკირმა და ხელმძღვანელმა ყოფილი ბანკირების მხარდასაჭერად, რომლებსაც ფულის გათეთრება ედებათ ბრალად, წერილი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ ხაზარაძემ თავის Facebook–გვერდზე დაწერა.
სასამართლო სხდომა 11 იანვარს გაიმართება და დაიწყება პროკურორების დასკვნითი სიტყვით. შემდეგ სიტყვა მიეცემათ ბრალდებულებს. ამის მერე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, ფულის გათეთერების გამო, 9–დან 12 წლამდე პატიმრობა ელოდებათ
„მამუკამ მთელი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა... ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს–სკოლის კურსდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები ვიცნობთ მამუკას 1998 წლიდან და გვსურს დავადასტუროთ მისი გულწრფელობა, პატიოსნება საქართველოს თანამოქალაქეების მიმართ“, – ნათქვამია წერილში.
როგორც ბიზნესმენები წერენ, ხაზარაძემ 2013 წელს ჰარვარდის სკოლის კურსდამთავრებულების ყოველწლიური შეხვედრა მოაწყო საქართველოში, რისი წყალობითაც მათ ქვეყნის მდიდარი კულტურის შესახებ შეიტყვეს.
„მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ ბიზნესმენები აშშ–იდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, იამაიკიდან, პერუდან, ვენესუელიდან, ბრაზილიიდან, მექსიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დუბაიდან და ავსტრალიიდან.