სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. დღეს სასამართლოში ბრალდებულებისგან დამკვეთების დასახელებას მოითხოვენ. აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებს, თუმცა დამკვეთის ვინაობას არ ასახელებს და ამტკიცებს, რომ კვარაცხელია თავად მოკლა.
გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუკითხავს ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანია, რომელიც საქმეში სავარაუდოდ, ფიგურირებს. დგინდება, რომ მკვლელობის დღეს ბუსა ჟვანიას დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ კუს ტბაზე პოლიცია იყო და ამ ტერიტორიაზე არ ემოძრავა.
"ის, რომ ბუსა ჟვანიას მკვლელობასთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, არის იმდენად აბსურდი, რომ ამ მიმართულებით ერთი მოქმედებაც კი არ ვაქვს საგამოძიებო ორგანოს", - ამბობს ადვოკატი ზაზა დათუკიშვილი.
საქმეზე ბრალდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, რომლებიც პოლიციამ წყნეთში დააკავა. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.
აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.