ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ არანაირი დანაშაული არ მომხდარა - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
"ეს ბრძოლა ღირს, რასაც ჩვენ გავდივართ, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ახლა ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმიტომ, რომ ცხადია არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის. რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობიდან, თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა ამ პასუხისმგებლობისგან.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს.
ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში," - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.