პროკურატურა ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარე დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.
აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით. ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.