საქართველოში ქალს გაუკეთეს ოპერაცია და უთხრეს, რომ ამოკვეთეს ორგანო, რომელიც ადგილზე აქვს - გამოძიება მიმდინარეობს
35 წლის ფიქრია ბარბაქაძეს გაუკეთეს ოპერაცია და როგორც ექიმებმა განუმარტეს, მას მარჯვენა ფალოპის მილი ამოაჭრეს, თუმცა როგორც მოაგვიანებით აღმოჩნდა, პაციენტს ორგანო ადგილზე აქვს. მძიმე ისტორიის შესახებ ფიქრია ბარბაქაძე „ფორტუნასთან“ ყვება.
ყველაფერი 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა გოგოს მუცლის არეში ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა და გადაწყვიტა, რომ ახალციხის (სადაც ფიქრია ამჟამადაც ცხოვრობს) კლინიკა – შპს „ლელაში“ ექოსკოპიური კვლევა ჩაეტარებინა. კლინიკის ექოსკოპისტმა დალი ქოზაშვილმა ექოსკოპიური კვლევის შედეგად პაციენტს უთხრა, რომ გარე ორსულობა ჰქონდა და ნაყოფი უკვე 7 კვირის იყო.
„გულის ცემაც კი მომასმენინა და მითხრა, რომ თუ სასწრაფო ოპერაციას არ გავიკეთებდი, შესაძლოა შედეგს ჩემი სიცოცხლეც კი შეეწირა, ამიტომ მომცა რეკომენდაცია, რომ გადაუდებელი ოპერაცია ჩამეტარებინა და კლინიკა „იმედში“ გინეკოლოგ მარინა ხაბაროვთან გადამამისამართა. ამ კვლევის დამადასტურებლად ყველა შესაბამისი დოკუმენტი და მტკიცებულება გამაჩნია,“- ამბობს ფიქრია ბარბაქაძე.
მისივე თქმით, ექოსკოპიური კვლევა გადამოწმდა ასევე კლინიკა „იმედშიც“ და ოპერაცია მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმა. ოპერაცია ქირურგმა მალხაზ მაისურაძემ და მარინა ხაბაროვმა ჩაუტარეს და პაციენტს განუმარტეს, რომ გარე ორსულობით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო, მარჯვენა ფალოპის მილი ამოაჭრეს.
მისივე განმარტებით, ჩატარებული სამედიცინო მომსახურება ექიმებმა ფორმა #100-ში დეტალურად აღწერეს და შესაბამისი სამედიცინო ისტორია შეადგინეს.
„კლინიკიდან 3 დღის შემდეგ გამწერეს და შესაბამისად, გავდიოდი მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს. დაახლოებით 1 თვის შემდეგ კვლავ ძლიერმა ტკივილებმა შემაწუხა. მტკიოდა მთლიანად მარცხენა ფეხი და გადაადგილება მიჭირდა, არადა ოპერაცია მარჯვენა მხარეს გაკეთდა…
მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც თავდაპირველ ოპერაციას გასაგები მიზეზების გამო ვერ ესწრებოდა, ეჭვი გაგვიჩნდა, რატომ შეიძლებოდა ამდენ ხანს ტკივილები გამგრძელებოდა და გადავწყვიტეთ, კონტროლის მიზნით, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისში, ტატიშვილის კლინიკაში გადაგვემოწმებინა,“ – ამბობს ფიქრია.
მისივე სიტყვებით, ტატიშვილის კლინიკამ საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვა – ორგანიზმში სეფსისი ვითარდებოდა, ასევე კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემები ჰქონდა ლიმფურ კვანძებშიც.
„ცხადია, მკურნალობა დავიწყე და ნელ-ნელა ტკივილებმაც იკლო, თუმცა რას ვიფიქრებდი, რომ ჩატარებული ოპერაცია შეიძლებოდა ჩემი გაუსაძლისი ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო. 4 წლის თავზე ისევ ძლიერმა ტკივილებმა შემაწუხა და ექოსკოპიაზე ისევ დალი ქოზაშვილთან მივედი, რომელმაც კვლავ გარე ორსულობა დამიდგინა და მითრა, რომ ამჯერად მეორე – მარცხენა მილიც ამოსაჭრელი მქონდა.
ორი შვილი მყავს, მე და ჩემი მეუღლე კიდევ ვგეგმავდით ბავშვების ყოლას და ამიტომ პირველი რა კითხვაც გაგვიჩნდა ზუსტად ეს იყო: შევძლებდი თუ არა ისევ დაორსულებას. აი, ამ ქალბატონმა კი ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ ვერა, ასე გამოდისო… ძალიან შევწუხდით, გადავწყვიტეთ ოპერაცია ამჯერად თბილისში ჩამეტარებინა და თბილისის „იმედის კლინიკაში“ წავედით,“ – გვიყვება ფიქრია.
ამის შემდეგ, თბილისის „იმედის კლინიკაში“ ფიქრია ბარბაქაძეს კვლავ ოპერაცია ჩაუტარდა – ამჯერად მარცხენა მილის ამოსაკვეთად. რესპონდენტი ამბობს, რომ ოპერაციამდე, ქირურგი ჭრილობის ისტორიით დაინტერესდა, რომელიც ახალციხის კლინიკაში პირველი ქირურგიული ჩარევის შედეგად დარჩა.
„ექიმმა მაია ბოდოკიამ, რომელმაც ოპერაცია თბილისის „იმედის კლინიკაში“ ჩამიტარა, მკითხა რატომ მქონდა ამხელა ჭრილობა მუცელზე, რაზეც ვუპასუხე, რომ მანამდე ახალციხის კლინიკაში ოპერაცია ჩამიტარდა და ექიმებმა მარჯვენა ფალოპის მილი, იგივე დიაგნოზის გამო ამომაჭრეს.
მომდევნო ოპერაციის შემდეგ კი, რომელიც მანვე გამიკეთა, ექიმმა მითხრა, რომ მარჯვენა მილი, რომელიც თითქოსდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ ამომაჭრეს, ჯანსაღია, ადგილზე მქონდა და მარჯვენა მხარეს არანაირი ქირურგიული ჩარევის კვალი არ შეინიშნებოდა. უფრო მეტიც, არანაირი უშვილობის საფრთხე არ დამდგარა და შემეძლო ბავშვზეც მეფიქრა.
თუკი რაიმე მქონდა გაკეთებული, ყველაფერი იყო მარცხენა მხარეს: ჩახორცხებები, სითხე და დიდი რაოდენობით სისხლი მუცელში, ამავდროულად მარცხენა მხარეს საკვერცხის ნაწილზე მქონია ოპერაცია ჩატარებული.
გავოგნდი, მეგონა რაღაც შეცდომა მოხდა და თავიდან დავიწყე დოკუმენტების შეგროვება იმის შესახებ, რისი ოპერაცია ჩამიტარეს რეალურად. ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შენახული მაქვს,“ – აცხადებს პაციენტმა.
ფიქრიას მონათხრობით და თბილისში ჩატარებული კვლევის, ოპერაციისა თუ ექიმის დასკვნებით ირკვევა, რომ ახალციხის კლინიკა „იმედში“ მას არანაირი მარჯვენა ფალოპის მილი არ ამოაჭრეს და ეს ორგანო მას ჯანსაღი აქვს. რესპონდენტი ამბობს, რომ მომდევნო ორი თვე მისთვის ჯოჯოხეთური იყო.
„ვიდრე ყველა საჭირო დამამტკიცებელ დოკუმენტაციას მოვაგროვებდი, რისთვისაც დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ჯოჯოხეთური ეტაპი გავიარე. მქონდა სერიოზული შფოთვები, შიში, გაურკვევლობა. მოკლედ, სერიოზული სტრესი გავიარე და გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა მომეთხოვა,“ – გვიყვება ახალგაზრდა.
დასმულ კითხვაზე კი, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ ექიმებს არასწორი ოპერაციისთვის, ფიქრია პასუხობს, რომ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩასატარებელი გადაუდებელი ოპერაცია სახელმწიფომ დაუფინანსა და ვარაუდობს, რომ მოტივი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დაინტერესება შეიძლება ყოფილიყო.
ამის შემდეგ პაციენტმა კვლავ ახალციხის კლინიკა „იმედს“ მიაკითხა და გამოითხოვა ფორმა #100, სადაც ზემოაღნიშნული ოპერაციის დეტალები უნდა ყოფილიყო აღწერილი.
როგორც ფიქრია ამბობს, მან კლინიკის ექიმებს, ასევე, თბილისიდან წაღებული დოკუმენტაცია აჩვენა, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ოპერაცია, რომელიც მათ კლინიკაში გაუკეთდა და სადაც ნათქვამი იყო, რომ მარჯვენა ფალოპის მილი ამოაჭრეს, მცდარია და ორგანო მას სრულიად ჯანსაღი ადგილზე აქვს.
ამასთან, მეტი სარწმუნოობისთვის ფიქრიამ დამატებითი კვლევა (ფალოპის მილის გამტარიანობაზე) ქართულ-ამერიკულ კლინიკა „რეპრო-არტშიც“ გაიკეთა, სადაც ასევე დაუდგინეს, რომ მილი ხელუხლებლად ადგილზე აქვს.
„ამ შეხვედრას გარდა ექიმებისა – მარინა ხაბაროვისა და მალხაზ მაისურაძისა, კლინიკის დირექტორის მოადგილე მზია კაკოშვილიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა ასეთი რამ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანომალიას, ანუ 2-ის ნაცვლად, რამდენიმე (დამატებითი) მილი მქონოდა.
ხაბაროვმა კი ისიც მკითხა, თუკი მილი არ ამოვკვეთეთ, ნეტავ მორფოლოგიურ კვლევაზე რა გავგზავნეთო? მე მკითხა წარმოგიდგენიათ? ამის დამტკიცებაც შემიძლია. ქირურგმა მალხაზ მაისურაძემაც, რომელმაც პირადად გამკვეთა, მისი სიტყვები გაიმეორა და დანარჩენ კითხვებზე საერთოდ ვერ გამცა პასუხი.
მანამდე ხომ უამრავი გამოკვლევა ჩამიტარეს და თუკი ანომალია იყო, ან ორგანიზმში პათოლოგიები მქონდა, ეს როგორ არ გამოჩნდა? ან როგორ მოხდა, რომ 7 კვირის ნაყოფი ანომალიურ მილში განვითარდა? აბსურდია.
მერე კიდევ, ეს თუ მართლა ასე იყო, სამედიცინო ისტორიაში რატომ არ იყო შეტანილი ან მე რატომ არ ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ ანომალიასთან ჰქონდათ საქმე? უბრალოდ თავის დაღწევის მცდელობა იყო,“ – აღნიშნავს ფიქრია ბარბაქაძე და დასძენს, რომ ამის შემდეგ სამართლებრივი დავის წამოწყება გადაწყვიტა და ახალციხის რაიონულ პოლიციას მიმართა.
ახალციხის კლინიკა შპს „ლელას“ ექიმმა, დალი ქოზაშვილმა, რომელმაც პაციენტს თავდაპირველად ექოსკოპიური კვლევა ჩაუტარა და გარე ორსულობა გამოუვლინა, "ფორტუნასთან" საუბარში განაცხადა, რომ ვიდრე ექსპერტიზის ბიუროს პასუხი არ იქნება, იქამდე დამატებით ვერაფერს გვეტყვის.
ექიმმა ასევე თქვა, რომ პაცინტის სამედიცინო ისტორია კონფიდენციალური ინფორმაციაა და მასზე საუბრის უფლება, როგორც ექიმს არ აქვს.
ქოზაშვილის თქმით, იგი საკუთარ სათქმელს, კანონიერად სასამართლოს წინაშე იტყვის.
„ჩემს საბოლოო სათქმელს კანონიერად სასამართლოს წინაშე ვიტყვი. მანამდე შეგიძლიათ ჩემს ადვოკატს დაუკავშირდეთ.“- გვითხრა დალი ქოზაშვილმა.
რაც შეეხება გინეკოლოგ მარინა ხაბაროვსა და ქირურგ მალხაზ მაისურაძეს, მათ ჩვენთან კომენტარების გაკეთება არ ისურვეს.
გინეკოლოგმა გვითხრა, რომ მის ადვოკატს დავკავშირებოდით, თუმცა არც მისი ვინაობა გაგვიმხილა და არც საკონტაქტო ინფორმაცია მოგვცა.
რაც შეეხება მალხაზ მაისურაძეს, მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა.
"ფორტუნა" ასევე დაუკავშირდა ახალციხის კლინიკა „იმედის“ გენერალურ დირექტორს, დავით მაისურაძეს, რომელმაც პაციენტ ფიქრია ბარბაქაძის ოპერაციის ისტორია ვერ გაიხსენა, თუმცა განაცხადა, რომ მის კლინიკაში დასაქმებული ორივე ექიმი – გინეკოლოგი მარინა ხაბაროვი და ქირურგი მალხაზ მაისურაძე, სერტიფიცირებული და კვალიფიციური ექიმები არიან.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ამ ორი ექიმის წინააღმდეგ პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, კლინიკის დირექტორმა გვიპასუხა, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მზაობა გამოხატა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, უფრო ვრცლად საუბარს შეძლებს.
„ეს ოპერაცია როგორ ჩაატარეს ან შიგნით რა გააკეთეს, ამაზე კლინიკამ ან მესამე პირმა რა პოზიცია უნდა გამოხატოს. ეს ექიმები სერტიფიცირებულები არიან.
არ ვიცი მათ ეს ოპერაცია რა და როგორ ჩაატარეს, მაგრამ როგორც თქვენ მეუბნებით, თუ მათ ფალოპის მილის ოპერაცია ჩაატარეს, მათ ამის უფლება ჰქონდათ. რა ამოიკვეთა და ამოიკვეთა თუ არა, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ,“ – განაცხადა დავით მაისურაძემ.
ჩვენ დავუკავშირდით ასევე იმ ექიმს, რომელმაც ფიქრია ბარბაქაძეს მეორე ოპერაცია ჩაუტარა. თბილისის „იმედის კლინიკის“ ექიმის, მაია ბოდოკიას თქმით, პაციენტის ოპერაციის შემდეგ, მას მარჯვენა ფალოპის მილი ადგილზე დახვდა.
როგორც ექიმმა „ფორტუნას“ უთხრა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ფიქრიამ მილის გამტარობაზე დამატებითი კვლევა ჩაეტარებინა, რამაც ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული მილი პაციენტს ადგილზე აქვს.
„ოპერაციის შემდეგ ეს მილი მე ადგილზე დამხვდა.. შემდეგ პაციენტმა იმის გამო, რომ თვითონვე დარწმუნებულიყო, მილის გამტარობაზე კვლევა ჩაიტარა, რადგან ერთია მე რას ვეტყოდი და მეორე, თუ რას აჩვენებდა გადაღება, რადგან ოპერაციას ხომ ის ვერ ხედავდა.
ეს შემთხვევა კარგად მახსოვს, რადგან საუბარი იყო მეორე მილის ამოკვეთაზე, ქალს კი კიდევ შვილი უნდოდა, შესაბამისად, საფრთხე ჩნდებოდა, რომ ვეღარ იყოლიებდა. რეალურად, მილი თავის ადგილზე დამხვდა და შემდეგ უკვე იმისთვის, რომ თავადაც დარწმუნებულიყო მილის გამტარობაზე კვლევა ჩაიტარა, სურათზეც გამოჩნდა, რომ მილი მას ადგილზე აქვს,“ – თქვა ექიმმა, მაია ბოდოკიამ.
რაც შეეხება ამ საქმის სამართლებრივ ნაწილს, როგორც პაციენტის უფლებადამცველი, მაია ქავთარაძე აცხადებს, ახალციხის რაიონულმა პოლიციამ აღნიშნულზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„ჯერ არც ბრალდებულად და არც დაზარალებულადაა ცნობილი ვინმე, რადგან ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ატარებს, არ დასრულებულა.
შესაბამისად, ახლა ველოდებით ამ დასკვნას, რომ სასამართლომ საქმის წარმოება დაიწყოს, იმედი გვაქვს დასკვნა გონივრულ ვადაში მზად იქნება,“ – აცხადებს პაციენტის ადვოკატი, მაია ქავთარაძე.
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში „ფორტუნას“ უთხრეს, რომ ფიქრია ბარბაქაძის მიმართ საქმის მასალებით მოწვეული სპეციალისტის (სპეციალისტების) მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა ნამდვილად დანიშნულია.
უწყების განცხადებით, დღეის მდგომარეობით საექსპერტო გამოკვლევა წარმოების პროცესშია. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის იქნება საბოლოოდ მზად დასკვნა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვიპასუხეს:
„გაცნობებთ, რომ ამ სახის საექსპერტო მომსახურება მიეკუთვნება იმ ექსპერტიზის სახეს, რომლის დროსაც საექსპერტო კვლევის ვადა განისაზღვრება გონივრული ვადით.
მოცემულ შემთხვევაში წინასწარ შეუძლებელია კონკრეტული ვადის განსაზღვრა, ვინაიდან გამოკვლევაში მონაწილეობას იღებენ, როგორც წესი, სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმი ექსპერტები.
საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილე ყველა ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის (აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში გამოკვლევების ჩატარების შემდგომ) ბიუროში მომზადდება დასრულებული ფორმით სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტის დასკვნა.“
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, პაციენტმა სამართალდამცველ ორგანოს გასული წლის თებერვალში მიმართა და იმედს იტოვებს, რომ სასამართლოს გზით საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს – თუ რამდენად სწორად გაუწიეს ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებმა სამედიცინო მომსახურება.
„გარდა იმისა, რომ მე პირადად უზარმაზარი მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა გავიარე, ფაქტობრივად ტყუილად დამჩეხეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, რომელიც შეიძლება მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი გახდეს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სასამართლოსთვის მიმემართა.
ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ამზადებს, ექსპერტებს ვესაუბრე, თავად გინეკოლოგ-ექსპერტიც კი გაოგნებული იყო მონაყოლით. იმედი მაქვს, დასკვნა მალე იქნება, რომ სასამართლო ჩაინიშნოს.
ნახევარი სიცოცხლე განვლილი მაქვს და რომ დამჭირდეს დარჩენილს ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძოლებ. იმისთვის, რომ ამ კლინიკის ექიმებმა, უფრო სწორად სასაკლაოს ექიმებმა პასუხი აგონ,“ – ამბობს ფიქრია.
fortuna.geMy Webpage