შშმ პირზე მოძალადე დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ კადრებში თვითონ არიან
17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ამბობენ, რომ გავრცელებულ კადრებში ისინი არ არიან, ამის შესახებ საქმის პროკურორი საუბრობს.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად არის ასახული ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული.
ორივე ბრალდებულს აქვს ჩვენება მიცემული, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც, მოწმეებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ "ისნის" შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე მათგანი აღნიშნულ ბრალს უარყოფს. ჩვენ ვმოროგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობას, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ კადრებშიო, ასე ამბობენ. ბრალდებულებისთვის კადრები წარდგენილი გვაქვს და უარყოფენ, რომ ისინი არიან.
მეტროსადგურის ყველა აუდიო-ვიდეოჩანაწერი ამოღებულია, თუმცა, სადაც ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერები არ ყოფილა", - განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.