თეგებით ძიება

პროკურატურამ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

24 ოქტომბერს რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირების გამო საქართველოს პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

"საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარლამენტის წევრის დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ - ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა.

დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.

ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავად დავით კირკიტაძის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს ენმ-ს ოფისზე თავდასხმა მოხდა. მისივე თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც და ისინი 14 ოქტომბერს, ე.წ. „ცოცხების აქციის" მონაწილეები არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა