პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ტრანსპორტირება კლიენტებამდე და ფართის გადაცემა - პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით თბილისში 4 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებული პირტები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს.
1961 წელს დაბადებულ მ.წ.-ს, 1962 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის არაერთგზის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი, ხოლო 1984 წელს დაბადებული ა.მ. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაშია ბრალდებული.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან.
რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს - ა.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა და აღნიშნული სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, რისთვისაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები მას სექსუალური მომსახურეობის გაწევით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.