მხოლოდ საზოგადოებას აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ძალა - ნიკა გვარამია
"რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების გონიერება, და ბოლო ბოლო შეწყვეტა დამნაშავეების ძიებისა. საზოგადოება არის გადაწყვეტილების მიმღები. მხოლოდ საზოგადოებას აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ძალა. მხოლოდ და მხოლოდ მას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს გამოწვევა საკუთარ თავზე და აიღოს ხელში ინიციატივა", - განაცხადა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხოს ხელისუფლება.
"ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. ხელისუფლებას ისინი ამ ველში ვერ გადმოითრევენ, პირიქით, თვითონ უნდა შევიდნენ ამ სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. მოაგვარონ ადამიანების პრობლემები ნებისმიერი გზით, მით უმეტეს, როცა თვითმმართველობის ორგანოებში ასეთი ფართო წარმომადგენლობა ჰყავთ. აიძულონ, როგორც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა თბილისის საკრებულოს მეშვეობით, როგორც შალვა ნათელაშვილმა მოიგო საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები დენის ფასთან და თუ არ ვცდები, საყოველთაო განათლებასთან დაკავშირებით. ეს იყო რეალური შედეგები სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით არა მათი მოგვარების გზების შეთავაზება, არამედ მათი რეალური მოგვარება", - თქვა ნიკა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.