ქობულეთის საკრებულომ ეკლესიას მიწის ნაკვეთი 99 წლით გადასცა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ქობულეთში, ეკლესიამ 99 წლის ვადით უსასყიდლოდ მიიღო მიწის ნაკვეთი კაიკაციშვილის ქუჩაზე.
"ბათუმელების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიისთვის გადაცემული ნაკვეთი 330 კვ. მეტრია და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება. როგორც დოკუმენტებით, ირკვევა გადაცემულ ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობა იგეგმება.
გამოცემის ცნობით, ნაკვეთის მოთხოვნით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ქობულეთის მერს 2022 წლის მაისში მიმართა. მიტროპოლიტი მერიას წერდა, რომ მოთხოვნილ ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობას მოსახლეობა ითხოვს.
ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მჭედლიშვილს სწერს, რომ ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის, განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიამ საკითხი სხდომაზე განიხილა და მოთხოვნილი ნაკვეთის ეკლესიისთვის გადაცემა მიზანშეწონილად მიიჩნია:
„იმ მოტივიდან გამომდინარე, რომ დღითი დღე იზრდება მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და ეკლესიური ცხოვრება ბევრს სულიერ მოთხოვნილებად ექცა. ვინაიდან, მრევლი გამრავლდა და ქალაქში მოქმედი ეკლესიები ყველა მომლოცველს ვერ იტევს, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე არსებული 330 კვ. მეტრი აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით“,- აცხადებს ქობულეთის მერი.