"ძალიან ვბრაზდები...მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს, შენობა კლავს" - რა მიმართვას ავრცელებს გეოლოგი?
გეოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ის თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და წერს, რომ ადამიანს უხარისხოდ აშენებული ნაგებობები კლავს.
"დაახლოებით, ერთი წუთი გრძელდებოდა რყევა. დიდი მიწისძვრაა და შესაბამისად რყევის ხანგრძლივობაც დიდია.
კადრების მიხედვით, ერთად მდგარი რამდენიმე სახლიდან, ზოგი დანგრეულია, ზოგი არა. ეს არის მშენებლობის ხარისხი და ძალიან ვბრაზდები ამ დროს, ძალიან.
ახლა ვლაპარაკობდი ჩემ კოლეგებთან აქ, ამერიკაში! გადაწყვეტილების მიმღებებო, პოლიტიკოსებო! მე კი არ ვარ რთული საურთიერთობო ქალი, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ამბობს! სიმართლეს გეუბნებით გეოლოგები, სეისმოლოგები! ასეთი მიწისძვრები ხდება ამ რეგიონში და ასეთი შედეგი დგება, როდესაც შენობა და ინსფრასტრუატურა არ ვარგა! მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!", - წერს გოდოლაძე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 04.17 საათზე 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაშიც. ორივე ქვეყანაში სტიქიურ უბედურებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.