დილით შემოვიდა ზარი, საქართველოს ერთ დაკარგულ მოქალაქეს ვეძებთ - თურქეთში საქართველოს ელჩის სპეციალური განცხადება
თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.
გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად კონტაქტზე იყვნენ საელჩოსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.
"თითქმის ყველა ვიპოვეთ, თითქმის იმიტომ ვიძახით, რომ დღეს დილით შემოგვივიდა ზარი და ერთ მოქალაქეს ვეძებთ, მხოლოდ ეს არის. სადღაც რამდენიმე ათეული მოქალაქე ნაპოვნია. შედარებით მცირე ბიძგებია, გადაკეტილია იქაურობა, ჯერჯერობით ჩვენები ვერ გამოდიან, თუ ინდივიდუალურად რამე არ მოხერხდა. ამ ეტაპზე იქ შეღწევა პრაქტიკულად გამორიცხულია", - თქვა ელჩმა.
შეგახსენებთ, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.
სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა.