თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა
თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 4 940 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას მინიმუმ 3 381 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აჭარბებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში 11 000 შენობა დაზიანდა. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი დახმარების 25 000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაშველები დაშავებულების გადასაყვანად და სამძებრო სამუშაოებში მინიმუმ 10 გემს და 54 თვითმფრინავს იყენებენ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.