თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.
როგორც თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს.
"2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ მასშტაბურ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD).
აღსანიშნავია, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის ერთი მოქალაქე უკვე გადასვენებულია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ქ. გაზიანთეპსა და ქ. ისქანედრუნში. საელჩო აქტიურად მუშაობს, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის ზონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რთული მეტეოროლოგიური პირობები, სიცივე და დიდთოვლობა. ყოველდღიურად იმატებს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი.
თურქეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე რჩება სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათი საჭიროებების დადგენის მიზნით",- აცხადებს დიპლომატი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიას თურქეთსა და სირიაში 15 ატასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.