თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, ქვეყანა ომში ჩართულიყო - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განმარტებით, არასდროს მოუხდენიათ ზეწოლა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო.

როგორც დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გაგებითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა საქართველოს მდგომარეობას, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ ისევ ოკუპირებულია. შესაბამისად, კელი დეგნანის თქმით, საქართველოს უკრაინის დახმარებასთან მიმართებით მისთვის კომფორტული პოზიცია უჭირავს.

„საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დასახმარებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. ერთადერთი მსჯელობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონია, არის ის, თუ რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული.

აქ სასწორზე დევს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი იდენტობა, სუვერენიტეტი და ტერიტორია. ამერიკის შეერთებული შტატები კოორდინირებას უწევდა მხარდაჭერას, რომელიც დაეხმარებოდა უკრაინას თავისი იდენტობის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, შეეტანათ წვლილი, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა. ეს სხვაგვარი დეზინფორმაცია გავრცელებულია, მათ მიერ, ვინც ცდილობს ქართველების დაბნევას და ვინც ცდილობს ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გახლეჩას, მათ მიერ, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველოს მეგობრებმა 30 წელი დახარჯეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ საქართველოს აეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც აქვს საკუთარი იდენტობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს დაიცვას საკუთარი იდენტობა, ისევე როგორც ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა