რუსეთს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველომ შესთავაზა - ვლადიმერ ჯაბაროვი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველომ შესთავაზა.
"თბილისმა წამოჭრა „აეროფლოტის“ ფრენების აღდგენის საკითხი, "ქართულმა ოცნებამ“ კი მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას“, - განაცხადა ჯაბაროვმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსებისა და საქართველოს მცხოვრებლებისათვის ეს ამბავი სასიამოვნო იქნება. გამარტივდება ტურისტული მოგზაურობები, ადამიანები უფრო ადვილად ნახავენ ახლობლებს.
შეგახსენებთ, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
20 იანვარს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.
აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მისასალმებელია.