"გაგვანადგურა ამ თემის კვლევამ... მტკიცდება დაშვებული არაერთი ხარვეზი..." - რას წერს ჟურნალისტი ფეხბურთელის გარდაცვალებაზე?
გამომძიებელი რეპორტიორი, ლია ტოკლიკიშვილი ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მკურნალობის პროცესში არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს.
"გაგვანადგურა ამ თემის კვლევამ...
20 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზები...
როცა გამოძიება დავიწყეთ, სულ მქონდა მოლოდინი, რომ არ გამართლდებოდა გავრცელებული ცნობები, თითქოს ექიმებს რამე შეეშალათ...
სამწუხაროდ, თავად სამედიცინო დოკუმენტებით მტკიცდება მკურნალობაში დაშვებული არაერთი ხარვეზი...
ის, რომ ვახტანგ ჩარკვიანს არ ჩაუტარეს ყველა კვლევა, არ დაუნიშნეს თავად გაიდლაინით განსაზღვრული პრეპარატები; არ მოიწვიეს ვიწრო სპეციალობის კონსულტანრები; ნარკოტიკების აღრიცხვის ჟურნალში კი თავზარდამცემი ციფრები იკითხება, რადგან ჩანს, რომ იწერებოდა უფრო მეტი ნარკოტიკი ჩარკვიანის სახელზე, ვიდრე მის ისტორიაშია შეტანილი...
როდესაც ვახოს მამამ გვითხრა გილწრფელი მადლობა, გაუაზრებლად ვუპასუხე, რომ მადლობას ვერ მივიღებთ და ბოდიშს კი ვუხდით მთელი საზოგადოების სახელით, რადგან ასეთ პასუხგაუცემელ კითხვებს იბრუნებს უკან, სულში...
საქართველოს მედიკოსებმა ნამდვილად ჩაწერეს გმირობის ფურცლები საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ კოვიდთან დამარცხებული შვილების მამებსაც პასუხი მათვე უნდა გასცენ!
ალბათ ამიტომ ისმის ფილმში ერთდროულად ტაშის და გარდაცვლილების ოჯახების რისხვის ხმაც...
ფილმი
"პანდემიის სტატისტები"
კოვიდთან დამარცხებული ადამიანების ისტორიები
ნახეთ ოთხშაბათს, 15 თებერვალს, 23. 30 საათზე", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წელს გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.
საქართველოს პროკურატურამ კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.