მაქვს ეჭვი, რომ დღეს პატრიარქმა მოინდომა ძალაუფლების გადაბარება, მაგრამ სინოდის წევრები ვერ დაითანხმა - რას ამბობს პეტრე ცაავა?
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ პატრიარქმა დღევანდელ სინოდის სხდომაზე ძალაუფლების გადაბარება მოინდომა, რაზეც სინოდის წევრები ვერ დაითანხმა. ამის შესახებ პეტრე ცაავამ „მთავარ არხთან“ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა თავისი სტრატეგია, რაზეც სინოდის წევრები ვერ დაითანხმა, იმიტომ, რომ საკითხი ეხება მემკვიდრეობას და ეკლესიის მართვა- გამგეობის მიხედვით ძალაუფლების გადაცემას მაგრამ, პატრიარქს უნდა, რომ როგორც მეფეს დაასახელოს მემკვიდრე და არა მართლა გამგეობის მიხედვით მართოს ეკლესია, ამიტომ ვერ შეთანხმდნენ. მას ახასიათებს, როდესაც წინააღმდეგობა შეხვდება მოიკატუნებს თავს და მე მიმაჩნია და არ გამოვრიცხავ, რომ მღვდელმთავრებზე ინდივიდუალურად უკვე სხვა ბინძური მეთოდებით ძალოვანი სისტემები იყოს ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ჩრდილოეთით. მაქვს ეჭვი, რომ დღეს პატრიარქმა მოინდომა ძალაუფლების გადაბარება" - განაცხადა პეტრე ცაავამ.
ცნობისთვის, 12:00 საათზე ჩანიშნული სინოდის სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. ვრცელდებოდა ცნობები, რომ პატრიარქი სხდომაზე მისვლას ვერ ახერხებდა, თუმცა, საბოლოოდ, ილია მეორემ სხდომა გახსნა.