სახლები, სპორტული მოედნები, რელიგიური, საცერემონიო და სამოქალაქო ცენტრები - მკვლევრებმა მაიას ცივილიზაციის აქამდე უცნობი, 1000-მდე ნასახლარი აღმოაჩინეს
ჩრდილოეთ გვატემალაში, მაიას ცივილიზაციის აქამდე უცნობი, თვალისათვის შეუმჩნეველი 1000-მდე ნასახლარი აღმოაჩინეს. კვლევა Ancient Mesoamerica-ში გამოქვეყნდა.
აღმოჩენილ სტრუქტურებს შორის არის სახლები, სპორტული მოედნები, რელიგიური, საცერემონიო და სამოქალაქო ცენტრები, მათი დამაკავშირებელი ქვაფენილებისა და არხების ფართო ქსელი.
დასახლებები საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული: მკვლევართა მიერ შემჩნეული შენობები და სტრუქტურები დაახლოებით 1683 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება, მირადორ-კალამკულის კარსტულ აუზსა და მის უშუალო შემოგარენში. ეს ადგილები ძვ. წ. 1000 – 250 წლებს შორის უნდა ყოფილიყო დასახლებული.
„ამ დასახლებებიდან მრავალი წარმოაჩენს პოლიტიკურ/სოციალურ/გეოგრაფიულ კავშირს ახლომდებარე სხვა დასახლებებთან, რამაც განაპირობა სულ მცირე 417 უძველესი ქალაქისა და სოფლის კონსოლიდაცია ერთ, იდენტიფიცირებად საზღვარში“, - წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.