„იმ დღეს შეეძლო, დამჯდარიყო სახლში, თბილ ღუმელთან და ფანჯრიდან ეცქირა, როგორ ლამაზად ბარდნიდა, მაგრამ...“ - რას წერენ ზვავში დაღუპულ მასწავლებელზე?
ჟურნალისტი, ნანა აკობიძე ცაგერში, ზვავში მოყოლილ მასწავლებელზე, გელა ლიპარტელიანზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ერთდროულად მაღალმთიანი სოფლის სამ სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს, ზვავში მოჰყვა და გარდაიცვალა.
იმ დღეს შეეძლო, დამჯდარიყო სახლში, თბილ ღუმელთან და ფანჯრიდან ეცქირა, როგორ ლამაზად ბარდნიდა. მას არავინ გაათავისუფლებდა ამის გამო სამსახურიდან.
მაგრამ ის მიდიოდა სკოლაში - ბავშვებთან, დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
ამას მაღალი პასუხისმგებლობა ჰქვია. იდეის ქონა, ამ იდეის ერთგულება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს დამიდასტურეს, რომ ეს ნამდვილად არის სამოქალაქო თავდადება, განათლების სფეროში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილთან ერთად და რასაკვირველია,
იმსახურებს სახელმწიფო ჯილდოს. სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგ. ფორმალური მხარეა შესასრულებელი: - სკოლამ/სკოლებმა უნდა გამოგზავნონ შუამდგომლობის წერილი. იმ სკოლებმა, რომლებსაც სამი დღეა, შუქი არ მიეწოდებათ - ასეთი დიდთოვლობა არ ახსოვთ ლეჩხუმელებს.
მედიის და არა მარტო მედიის საყურადღებოდ: კარგია, რომ გუშინ გააზიარეთ ჩემი პოსტი და ათასობით ადამიანამდე მივიდა ჩვენი დროის გმირის - გელა ლიპარტელიანის სახელი. მაგრამ ერთ დღეში ნუ გაგინელდებათ ინტერესი: ნუ დასჯერდებით ჩემს ერთ ფეისბუქპოსტს - გარკვევით წერია იქ, რომ მეც არ ვიცნობდი ამ ადამიანს - ერთადერთხელ მყავს ნანახი. მიდით პანაშვიდზე - გუშინ გადმოასვენეს, დაკრძალვაზე: მისამართია: ზაჰესი, შალვა აფხაიძის მე-2 შესახვევი, კორპუსი 3, მე-3 სადარბაზო. პატივსაც მიაგებთ და მეტსაც შეიტყობთ, თუ რა ამოძრავებდა ახალგაზრდა კაცს, როცა სოფელში დაბრუნდა ინგლისურის მასწავლებლად და რატომ დარბოდა ერთი სოფლიდან მეორეში, მეორიდან მესამეში: ავდარსა და დარში.
იმასაც მიხვდებით, რატომ გლოვობს დღეს მთელი ლეჩხუმი“, - წერს ნანა აკობიძე.