"მეგობრებო, რუსეთმა კიდევ ერთხელ და თუ საჭირო გახდა, მილიონჯერ უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთმა საქართველოში ფეხის მოკიდებაზე აღარ უნდა იფიქროს.
"მეგობრებო, რუსეთმა კიდევ ერთხელ და თუ საჭირო გახდა, მილიონჯერ უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს, რომ დამოუკიდებლობას აღარასდროს დავთმობთ. ავი თუ კარგი, როგორიც არის, ეს ქვეყანა ჩვენია და როცა ჩვენი უკეთესი შვილების ხელში სრულად გადავა, ქვეყანაც მათსავით უკეთესი გახდება.
ყველაფერს გვაპატიებენ, ყველა შეცდომის დაშვების მიზეზსაც გაგვიგებენ, გარდა მათი კუთვნილის მტრისთვის გადაცემისა. არ უნდა დაგვაბრკოლოს პოლიტიკურმა ნდობა-არნდობამ, სიმპათია-ანტიპათიამ, ჩვენი სიტყვა საკუთარი სიტყვაა, ყველა პოლიტიკოსისგან დამოუკიდებელი და სულერთია, ვინ გამოაცხადა პირველმა, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავი რუსთაველზე აღვნიშნოთო.
უკრაინაში ჩვენები დაიხოცნენ, უკრაინამდე თაობები მოგვიკლეს და დევნილებად გვაქციეს, მათგან მოყენებული ჭრილობებით დასახიჩრებულებმა ამის მეტი ვეღარ შევძელით, როგორებიც ახლა ვართ. სულ ცოტა დრო მაინც რომ გამოვნახოთ რუსთაველზე გასასვლელად, რომ ნახოს მტერმა, რომ ჩვენი გზა მათ გზას არ უერთდება, ვერ ჩაკლეს ჩვენში თავისუფლების სურვილი, რომ არ დაიჩოქებს საქართველო არავის წინაშე და ყოველთვის ვიქნებით მათ მხარეს, ვისაც ქვეყანას ართმევენ, ბევრი უნდა ვიყოთ.
საქართველოს იდენტობას ის გმირები ქმნიან, ვინც დღეს უკრაინელებთან ერთად იბრძვის, ის მაშველები, პირველივე დღეს ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად რომ გაიქცნენ თურქეთში, ის დევივით კაცი, დენს რომ არ შეუშინდა და წყალში შევიდა, ის ბიჭი, ცურვა რომ არ იცოდა და სხვის საშველად წყალში გადახტა.... ეს ხალხი ვართ ჩვენ და ამ იდეალების არდათმობის მეტი არაფერი გვევალება ქვეყნის წინაშე", - წერს ფანჯიკიძე.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
სამხედრო კონფრონტაცია რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ვითარება კოდორის ხეობის გარშემო აპრილიდან დაიძაბა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.