თეგებით ძიება

რაც მეტად უსმენთ, მით უფრო მეტად უხანგრძლივებთ სიცოცხლეს - ზურაბ მხეიძე მოხუცებთან ურთიერთობაზე

„შეცდომაა, მოხუცი საქმეს ჩამოვაცილოთ. მსუბუქი საქმე უნდა გავუჩინოთ, როცა ის საკუთარ მნიშვნელობას გრძნობს, მაშინ გაცილებით უფრო მობილიზებული და სიცოცხლისუნარიანია“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე წერს.

„1983 წელს იაპონელი ფსიქოლოგები ჩამოვიდნენ კათედრაზე და ისინი სწავლობდნენ გერონტოფსიქოლოგიას. ისინი მიდიოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან დიდ ხანს ცხოვრობს ადამიანი. საქართველოთი აფხაზეთის გამო დაინტერესდნენ. სხვა ქვეყნებს შორის იყო ტიბეტიც. ზოგადად, სადაც ნახეს ხანდაზმული ადამიანების სიმრავლე, ყველგან იმოგზაურეს. შესაბამისად, რადგან არ იცოდნენ რა ფაქტორი მუშაობს, კვლევა ასე წარიმართა: ყველაფერს იწერდნენ შერჩეული ქვეყნებიდან, ამ მონაცემებს ამუშავებდნენ და ნახულობდნენ რაიმე საერთო თუ ჰქონდათ.

როგორც მათ მითხრეს, ხანდაზმული ხალხით დასახლებულ ამ ქვეყნებს შორის მხოლოდ ორი საერთო აღმოჩნდა: პირველი ნიშანი ეხება საკვებს და ეს საკვები აღმოჩნდა მაწონი და მაწვნის მსგავსი პროდუქტები, ხოლო მეორე გახლავთ ის, რომ – დიდხანს ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, სადაც პატივს სცემენ მოხუცებს. აფხაზეთში უხუცესთა საბჭოა, იქ მოხუცის აზრი ყველაზე პატივსაცემია.

მაწვნის არ ვიცი, მაგრამ მეორე მომენტს ლოგიკა და არგუმენტაცია აქვს; როცა ადამიანი ფუნქციას კარგავს, იქ იწყება მისი კვდომა; სხვათაშორის, ქალები ამასთან უფრო ადაპტირებულები არიან. მაგალითად, იგივე საპენსიო ასაკი – სამსახურიდან გამოუშვეს ქალი. ქალმა შეიძლება საკუთარ თავს დატვირთვა ძალიან მარტივად მოუძებნოს – ბავშვს მოუარა, სარეცხი გარეცხა და უკვე ფუნქცია აქვს. კაცმა რა უნდა გააკეთოს? ნადირობას აღარავინ თხოვს, სამსახური აღარ აქვს და სახლში კი ყველას ფეხებში ედება. ამიტომ უხარიათ ბაბუებს შვილიშვილები – მათთან ნახულობენ ფუნქციას; იმიტომ, რომ შვილები დიდები ჰყავთ, არავინ აღარ ეფერება, ერთი სული აქვს, შვილიშვილი ჰყავდეს, რადგან შვილიშვილს განსაკუთრებით უყვარს ისინი; რომ ვეკითხები ამ ბაბუებს, მეუბნებიან, რომ შვილიშვილი შვილზე მეტად ტკბილიაო – ამას ამბობს მათი ძალიან დიდი ნაწილი; ამიტომ კაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლება გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ქალისათვის.

ხშირად, განსაკუთრებით ჩვენნაირ საზოგადოებაში ხშირია, რომ საერთოდ უმუშევარი კაცები, თავიანთი კაცობის დასამტკიცებლად, სახლში ყვირიან, სვამენ და ცოლ-შვილს ურტყამენ. სხვანაირად ვერაფერს ამტკიცებენ; ნადირობა კიდევ არ გჭირდება – მიდიხარ სუპერმარკეტში და ყიდულობ, რასაც გინდა. სტატისტიკურად მსოფლიოში, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კაცის საშუალო ასაკი არის 2 წელი, ქალის კი გაცილებით ბევრია.

როცა მოხუცებთან ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ფუნქცია არ დავუკარგოთ; მეტსაც გეტყვით – ზედმეტი გაფრთხილებაც არ არის საჭირო; პირიქით – საქმე უნდა მისცე. კი არ უნდა გაათავისუფლო საქმისაგან (არ ვგულისხმობ, სიმძიმეები ააწევინო და რაღაც რთული გააკეთებინო). მაგალითად, ვთქვათ, მოხუცს ალცჰაიმერის დაავადება დაემართა, ან ფეხი მოსტყდა და ლოგინად ჩავარდა. ლოგინად თუ ჩავარდა, მისი რეგრესის პროცესი გაცილებით სწრაფად მიდის. იმიტომ, რომ შთაბეჭდილებები არ ეცვლება, თვითონ ვერაფერს აკეთებს და საერთოდ უფუნქციო ჰგონია თავი. ამიტომ, თუ გინდათ, რომ მოხუცმა დიდხანს იცოცხლოს, აუცილებელია, არ დაუკარგოთ მნიშვნელობა. ძალიან ადვილია მათთან ურთიერთობა, თქვენ მარტო ჰკითხეთ, ახალგაზრდობაში როგორ იყო? მათ უყვართ ამბების მოყოლა! უყვართ, როცა გიყვებინ იმ პერიოდზე, როცა ყველაფერი კარგად იყო. უყვართ, როცა ჭკუას გარიგებენ, თქვენ კი, რაც მეტად უსმენთ, მით უფრო მეტად უხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ეს ფსიქოლოგიური ასპექტებია. შეცდომაა, მოხუცი საქმეს ჩამოვაცილოთ. მსუბუქი საქმე უნდა გავუჩინოთ, როცა ის საკუთარ მნიშვნელობას გრძნობს, მაშინ გაცილებით უფრო მობილიზებული და სიცოცხლისუნარიანია“, - წერს მხეიძე.

წყარო: „აზროვნების აკადემია“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა