თეგებით ძიება

"ახლა რასაც დავწერ, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასე სჯობს" - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხელოვნების მუზეუმი, როგორც მეორე კორპუსი, უნდა შეუერთდეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

"ახლა რასაც დავწერ, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასე სჯობს:

წინა ხელისუფლების დროს ხელოვნურად შეკოწიწებული მუზეუმების ნაწილი "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" სახელით არსებული უნდა დაიშალოს კვლავ დამოუკიდებელ

მუზეუმებად, როგორც იყო მანამდე ისტორიულად. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უნდა ეწოდოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, სადაც ისედაცაა ვირტუალურად არსებული "ეროვნული მუზეუმის" ადმინისტრაცია დასადგურებული. ხელოვნების მუზეუმი, როგორც მეორე კორპუსი, უნდა შეუერთდეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. უნდა მოხდეს ფონდების დარგობრივად დახარისხება და გაერთიანება, რადგან ხშირად ერთი ტიპის ნივთები ჯანაშიაშიცაა და ამირანაშვილშიც. შესაბამისად ორივე კორპუსში, რუსაველზეც და პუშკინის სკვერის მიმდებარედაც, ექსოზიციები უნდა მოეწყოს დარგობრივ-შინაარსობლივი ერთიანობის კუთხით, მერე აღარ მოხდება ისე, რომ არქეოლოგიური საგანძურის ნაწილი ამირანაშვილში იყოს და ჯანაშიაში მთავარი ექსპოზიციის შინაარსი და სისრულე დაირღვეს, როგორც მოიმოქმედა შარშან წულუკანმა, იმ არგუმენტით რომ ყველა მუზეუმს თავისი რეგისტრირებული ნივთი დაბრუნებოდა. რაც პრინციპში ფორმალურად მართალიცაა. ასევე იარაღის, სამოსის და ჭურჭლის კოლექციები ერთ ჯანაშიაშიცაა და ამირანაშვილშიც და ა.შ.

ზოგადად ევროპაში ხელოვნების მუზეუმის სახელწოდების მქონე მუზეუმში მხოლოდ ფერწერული ნახატების კოლექციებია, ჩვენსაში კი სრული აჯაფსანდალია, რას აღარ ნახავ იქ: ფიროსმანსაც, კრანახსაც, ეგვიპტურ მუმიასაც, იაპონურ გამოყენებითი ხელოვნების კოლექციასაც და ხახულის ხატსაც.

შესაძლებელია, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ადმინისტრირებისთვის, სამეცნიერო-პროფესიული მდგომარეობის კონტროლისათვის დარჩეს სხვა მუზეუმები რაც აქვს (მესტია, ქარვასლა, ეთნოგრაფიული და ა.შ) და დაემოტოს დანარჩენი მუზეუმებიც რაც ჯერ არ ეკუთვნის მას, მაგრამ ამ მუზეუმების ავტონომიურობის დაცვის პრინციპით. მუზეუმების ნაწილი კულტ. მემკვ. დაცვის სააგენტოს ეკუთვნის, მაგ. ბორჯომის და სტეფანწმინდის. გაუგებარია ერთი პროფილის მუზეუმთა ეს არევდარევა რას ემსახურება.

მისახედია მუნიციპალური სამხარეო-საქალაქო მუზეუმები. ზოგს ჰქვია ისტორიის მუზეუმი, ზოგს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ზოგს არქეოლოგიური მუზეუმი, ზოგს მხარეთმცდნეობის მუზეუმი. მოკლედ სრული აჯაფსანდალია. ამ დროს ერთი ტიპის და დანიშნულების მუზეუმებია ყველა მათგანი. 

ასევე დიდი დომხალია მათი

მართვის მხრივ, ზოგი მათგანი კულტურის სამინისტროს ეკუთვნის უშუალოდ, ზოგი ეროვნულ მუზეუმს, ზოგი კულტ. მემკ. დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ზოგი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. შესამუშავებელია მუნიციპალიტეტების სამხარეო მუზეუმების ერთიანი მართვის გეგმა და სახელწოდება. აქ ევროპაში ასეთი ტიპის მუზეუმებს უბრალოდ კონკრეტული ქალაქის მუზეუმი ჰქვია, განმარტებითი სიტყვები: ისტორია, ან არქეოლოგია, ან ეთნოგრაფია, ან მხარეთმცოდნეობა, დასახელებაში არ ფიგურირებს და სწორიცაა, რადგან ეს ყველაფერი ისედაც იგულისხმება ამ მუზეუმების შინაარსში და ასევე დამატებით გეოლოგიის და ზოლოოგის სივრცეც შეიძლება ახლდეს ამ მუზეუმებს, ამიტომ აღარ სჭირდება რაიმე კონკრეტიკა და სახელწოდების გართულება-აჭრელება", - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა