„მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი!“ - დოდონა კიზირია
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, პროფესორი, დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს და ახალგაზრდებს მადლობას უხდის.
„დიდი ხანი არ არის, რაც ერთ პატარა ესსეში დავწერე, რომ ორმოცდაათი წლის წინ ამერიკელი ახალგაზრდები ჩემთვის მარსიანეები იყვნენ და მათი განწყობა-სურვილების არაფერი მესმოდა, ხოლო ეხლა ქართველი ახალგაზრდები გახდნენ მარსიანელები. არ მესმის ვინ არიან, რანი არიან, რაზე ოცნებობენ. განსაკუთრებით კი არ ვიცი, რა არის მათთვის საქართველო, საცხოვრებელი ადგილი, თუ სამშობლო-მეთქი.
ამ უკანასკნელმა დღეებმა პასუხი გასცა ჩემს სიტყვებს. მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი! მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემო საყვარელო, ლამაზო, ჭკვიანო ბიჭებო და გოგონებო, ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო. საქართველო თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა დაიცვათ ის რუსი ბარბაროსებისა და კრემლის ხელქვეით გარეწრებისგან.
უნდა გაიმარჯვოთ!“ - წერს დოდონა კიზირია.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. "ქართულმა ოცნებამ" დღეს განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.