რა კავშირი აქვს ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?
ცნობილია, რომ ბიბლიაში მოხსენიებულია ასტროლოგიური მკითხაობანი, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, რისი მინიჭებაც სურთ მათთვის თანამედროვე ასტროლოგებს.
ბიბლია კრძალავს მკითხაობას, სულთა გამოძახებას, ვარსკვლავების თაყვანისცემას და ა.შ. მოსეს სჯულით მისნები და გრძნეულები სიკვდილით ისჯებოდნენ (ლევიტ. 20, 27).
ეკლესიამ თავიდანვე დაგმო ასტროლოგია, როგორც წარმართობის რეციდივი. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ნაშრომებში ვხვდებით ასტროლოგიის მხილებას ორი კუთხიდან: პირველი – ასტროლოგია არის სიცრუე, და მეორე – ასტროლოგია დემონთა თაყვანისცემის სახეა. ეს ორი თეზისი ერთმანეთს ემთხვევა, რადგან დემონი მხოლოდ ვარაუდობს მომავალს, სინამდვილეში კი არ იცის იგი. ბასილი დიდი აღნიშნავდა, რომ ერთსა და იმავე დროს დაბადებული ადამიანების ცხოვრება სხვადასხვაგვარად ეწყობა. მაგალითად, ტყუპებს შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი ჰქონდეთ, ხოლო ჩაძირულ გემში დაღუპული ადამიანები სხვადასხვა ვარსკვლავების ქვეშ იყვნენ დაბადებულნი.
ასტროლოგია ასწავლის, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე არ არის, რომ იგი ვარსკვლავების განლაგებაზეა დამოკიდებული.
ასტროლოგიას შემოაქვს ბედისწერის ცნება, რომელიც დამახასიათებელია წარმართული ცრურწმენისათვის და მიუღებელია ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ქრისტიანობა არ ცნობს ბედისწერას, რომელიც მართავს სამყაროს და ყოველ ადამიანს; ჩვენი სარწმუნოება აღიარებს ღვთის განგებას, რომელიც არ თრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას.
წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი.
ზოგიერთებს სურთ ასტროლოგია მეცნიერებად წარმოგვიდგინონ, მაგრამ მეცნიერების მსგავსად მისი ექსპერიმენტით დასაბუთება შეუძლებელია. მომავლის გამოცნობის შანსი ყველაზე ცნობილ ასტროლოგს ისეთივე აქვს, როგორც ბოშას, რომელიც კლიენტის ხელისგულს ათვალიერებს. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. ამიტომაც ასტროლოგიით საქმიანობა ისევეა აკრძალული ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიების მიერ, როგორც წარმართობა, როგორც ნებისმიერი სახის მკითხაობა და ჯადოქრობა. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი, ამ კოსმიურ სულებს დემონებს უწოდებდა და კოსმოსის გლობალური დემონიზაციის შესახებ ასწავლიდა.
საჭიროა ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ასტრონომია და ასტროლოგია. ასტრონომია მეცნიერებაა ვარსკვლავების, მათი მოძრაობის, დედამიწასთან მიმართების და ა.შ. შესახებ. ძველი ასტრონომები ზეცას 12 ნაწილად ყოფდნენ, მაგრამ რადგანაც ძველი ადამიანების გონება სიმბოლური აზროვნებისკენ იყო მიმართული, ამიტომ ისინი ცის სფეროს ზოდიაქოს ნიშნებით გამოსახავდნენ (ზოდიაქო ბერძნული სიტყვაა და ქართულად ცოცხალ არსებას ნიშნავს). ამიტომაც გამოისახებოდა ზოგიერთი კალენდარი ზოდიაქოს ნიშნებით. ამასთანავე, ვარსკვლავიერი კალენდარი უფრო მეტად შეესაბამებოდა ზოდიაქოს ნიშნებს, ვიდრე მზის კალენდარი. ზეცის ალეგორიული გამოსახვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს ასტროლოგიასთან, მით უმეტეს, რომ თვით ზოდიაქოს ნიშნებს ძალიან პირობითი და აბსტრაქტული ხასიათი აქვთ – ეს ვარსკვლავთა ჯგუფებს შორის გავლებული პირობითი ხაზებია (რომლებსაც ასოციაციური წარმოსახვით ავლებს ადამიანის თვალი) და არა ობიექტური რეალობა.
რაც შეეხება ძვირფას ქვებსა და მათ ოკულტურ თვისებებზე ბიბლიაში არაფერი წერია, იქ მათ სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. ბიბლიურ სიმბოლიკაში 12 ქვა მღვდელმთავრის შესამოსელზე ისრაელის თორმეტ ტომს აღნიშნავდა, ხოლო ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული ზეციური იერუსალიმის 12 ბჭე – 12 მოციქულს. მხოლოდ კაბალისტურ წიგნებში და ალქიმიურ-ოკულტურ ლიტერატურაში ჩნდება ვერსიები ამ ქვების მისტიკურ თვისებებსა და ასტროლოგიასთან კავშირზე.
ქვებით მკურნალობა (ლითოთერაპია) მედიცინისა და ფარმაკოლოგიის ნაწილია. წამლების დაახლოებით 40% დამზადებულია მინერალური ნივთიერებების საფუძველზე. ქვებისა და ლითონების უშუალო შეხება ადამიანის ორგანიზმთან იწვევს მასზე გარკვეულ ზემოქმედებას. მაგალითად, ოქრო ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას, ვერცხლი იმუნურ სისტემას ააქტიურებს, ქარვა ფარისებურ ჯირკვალს კურნავს და ა.შ. ქრისტიანობა არ ცნობს ქვების მაგიურ ძალას, რომელსაც ადამიანის ბედზე გავლენის მოხდენა შეეძლებოდა.
წყარო: martlmadidebloba.ge