ზოდიაქოს ნიშნები და ალკოჰოლი
როგორ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები სასმელს და რამდენად არის მათთვის მიზანშეწონილი ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება?
ვერძი
ვერძების უმრავლესობა, სასმელის გარეშეც არ უჩივის უგუნებობას. ეს ადამიანები როგორც წესი, ყოველთვის საკუთარი ჰიპერაქტიურობით გამოირჩევიან საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ალკოჰოლის გვარიანი დოზის მიღების შემდეგ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, როგორც წესი, თავი "ტერმინატორი" ან "სპაიდერმენი" ჰგონიათ. შესაბამისად, თუ არ გინდათ საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ ვერძის მიერ არცთუ მაინცდამაინც ნიჭიერად გათამაშებული სუპერგმირს როლი, სასმელს ნუ დააძალებთ ამ ადამიანს.
კურო
ჩვეულებრივ მშვიდ და გაწონასწორებულ კუროებს, როგორ წესი, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ახსენდებათ დეტალურად კარგიც და ცუდიც. ამიტომ, შესაძლოა წვრილმანის გამო აუშარდნენ ვინმეს ან ღამის სამ საათზე მოინდომონ შორეული ნათესავების მოკითხვა. მოკითხვას კიდევ არა უშავს, აი რაც შეეხება გაბრაზებას, კუროს გაბრაზება სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ. ამიტომ, თვალში ცუდად ნუ მოხვდებით ნასვამს და აცალეთ ერთი-ორი ჭიქა მშვიდად დააგემოვნოს თავისთვის.
ტყუპები
მხიარული, კომუნიკაბელური და დაუღალავი ლაქლაქის მოყვარული ტყუპების ხასიათს, სასმელის დოზა განსაკუთრებულად მაინცდამაინც არ ცვლის. პრინციპში, რაც ზოგადად სიმთვრალეს ახასიათებს, ეს მათ არც სიფხიზლეში აკლიათ (ბევრი ლაპარაკის სიყვარული, უადგილო ხუმრობა და ა.შ). სამაგიეროდ, ტყუპების უმეტესობას, როგორც წესი, ნაბახუსევი ემტერება ქრონიკულად. ამიტომ, დილით, წინა ღამის ნაქეიფარ ტყუპთან კამათს ნამდვილად არ გირჩევთ.
კირჩხიბი
ფაქიზი ფსიქიკის კიბოები, როგორც წესი, სასმელს საკმაოდ მძიმედ იტანენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კირჩხიბების უმრავლესობას, დალევა მაინც ძალიან უყვარს! რაკიღა კიბოს მფარველი მთვარეა, რომელიც ყოველგვარი სითხის მმართველია, კირჩხიბის ორგანიზმი ძნელად იტანს ალკოჰოლის დიდ დოზას, რასაც შედეგად ორგანიზმში სითხის ბალანსის დარღვევა, სასტიკი ნაბახუსევი და ხასიათის გაუარესება შეიძლება მოჰყვეს. ასე რომ, ძვირფასო კირჩხიბებო, სასმელთან ფრთხილად!
ლომი
როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ქეიფსა და დროსტარებაზე უარს არასოდეს ამბობენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო მნიშვნელოვანი საქმეების გადადება უწევთ. მაგრამ როგორც ყველაფერში ისე სმაშიც, ლომების უმრავლესობას ზომიერების გრძნობა აშკარად ღალატობს. რაც არც თუ იშვიათადაა მათთვის მეორე დღეს მძიმე ნაბახუსევისა და საგულე პრეპარატების მიღების მიზეზი.
ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა, როგორც წესი, ძალიან უფრთხილდება საკუთარ ორგანიზმს. ამიტომ თუ მაინც უწევს დალევა, მხოლოდ იმ შემთხევაში მიიღებს ალკოჰოლის დიდ დოზას, თუკი დარწმუნებულია, რომ სასმელი უმაღლესი ხარისხისაა და მის ჯანმრთელობას ამ მხრივ მაინც არ დააზიანებს.
სასწორი
სასწორები აღმერთებენ ნებისმიერ მხიარულ თავყრილობასა და ხმაურიან დროსტარებას. თუმცა, დიდი მსმელები მათ შორის იშვიათად გვხვდებიან. ამ ადამიანისთვის მთავარია თავად სიტუაცია იყოს სასიამოვნო. თუმცა, თუ მაინც უწევთ დალევა, ამ დროს ისინი გადამეტებულად მოსიყვარულეები ხდებიან და მზად არიან ყველას ჩაეხუტონ და მოეფერონ, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.
მორიელი
მორიელების უმრავლესობა განსაკუთრებულ მიდრეკილებასა და სიყვარულს ამჟღავნებს ალკოჰოლის მიმართ. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი ალკოჰოლიკი სწორედ მორიელისა და კირჩხიბის ნიშნით იბადება. გარდა ამისა, სიმთვრალეში მორიელი, როგორც წესი განსაკუთრებულად ენამწარე და ცინიკოსი ხდება. ძველი წყენის სასმელში ჩახრჩობის მცდელობამ კი იგი შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩენის საფრთხემდე მიიყვანოს, იმის გამო, რომ მთვრალმა სამართლიანობის აღდგენა საკუთარი კანონებით სცადოს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების უმრავლესობა დიდი გურმანია. კარგ საჭმელს კი მოგეხსენებათ, სასმელიც შესაფერისი უხდება. თუმცა, კომპანიონი თუ ვერ იპოვნა მშვილდოსანს პირველ შემხვედრთანაც შეუძლია, მეგობრულად ჭიქის "აწევა". სამაგიეროდ მერე, ბახუსში მყოფი მზადაა მთელი ფული მეგობრებს დაურიგოს, უზომოდ ბევრი ილაქლაქოს, ან მატარებელში ჩაჯდეს და სადმე, აბსოლუტურად უცნობი მიმართულებით გაემგზავროს.
თხის რქა
თხის რქათა უმრავლესობა ალკოჰოლის მიმართ დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შესანიშნავად აცნობიერებენ იმას, რომ სასმელთან ერთად მათი პრობლემები არსად აორთქლდება. აქედან გამომდინარე, თუ განსაკუთრებული დამამძიმებელი კომბინაციებით არ დაიბადა პირად რუკაში, თხის რქებს შორის ალკოჰოლიკს ნაკლებად შეხვდებით. თუმცა, სადილობისას, ჩვეულებისამებრ, ასი გრამის დაგემოვნება, ბევრი თხის რქისთვის არის დამახასიათებელი.
მერწყული
როგორც წესი, მერწყულებს ამქვეყნად ყველანაირი სიახლე მაგნიტივით იზიდავთ. ამიტომ ისინი, არც ალკოჰოლის მიღებასა და თრობით გამოწვეულ მძაფრ შეგრძნებებზე ამბობენ უარს. ამასთან ერთად, მართალია სიმთვრალეში თავი კარგად უჭირავთ, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულ დრომდე. აქედან გამომდინარე თუ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ სტუმრებს შორის ვიღაც ნახევრად შიშველი მაგიდაზე ცეკვავს, ის აუცილებლად მერწყული იქნება.
თევზები
ისევე, როგორც კირჩხიბის შემთხვევაში, თევზების არანაკლებ ფაქიზი ფსიქიკაც ძნელად ეგუება ალკოჰოლს, რასაც თან საზიზღარი ნაბახუსევი და ლამის ერთკვირიანი, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა მოსდევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რომ სასმელი "განსაკუთრებულად" უყვართ ესეც ფაქტია. თანაც, იმ დონეზე რომ ზოგიერთი მათგანი ლიქიორის სმით დაწყებულ ქეიფს, საბოლოოდ სამედიცინო სპირტით ამთავრებს.