თეგებით ძიება

პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ - ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი. ყველამ ვნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი. წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ.

რაც შეეხებათ ამ ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებული იყვნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორსმიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა