ბავშვმა ნაკაწრები თავისით მიიყენა? ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული ნაკაწრი - რას აცხადებს დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა?
17 მარტის ღამეს, თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი, დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია. ბავშვის გვამის გადამალვა კი მკვლელმა ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, მიწისკენ დახრილი ხეების ქვეშ სცადა.
საქმეზე მასალას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან.
ანას დედა გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა. ის ამბობს, რომ ანა ძალადობას ემსხვერპლა.
ანას სხეული დედამ მისხალ-მისხალ დაათვალიერა. ყვება, რომ ბავშვს არაერთი დაზიანება უპოვა, მათ შორის, ნაკაწრები მარცხენა ფეხზე, სახესა და ზურგზე:
„ჩემს შვილს ყოველთვის გაწკრიალებული, ფითქინა სახე ჰქონდა. ეს ნაკაწრებიც თავისით მიიყენა? ბავშვს მანამდე არანაირი ნაკაწრი არ ჰქონდა სახეზე. დაზიანება ჰქონდა მარცხენა მუხლის ზევით. ნაკაწრი ჰქონდა ზურგზეც, რომელსაც თავისით ვერ მიიყენებდა, რადგან ეცვა გრძელი, ე.წ. ჰუდი ელვა შესაკრავით, შიგნიდან როლინგი. ამდენი ტანსაცმელი ასე მარტივად ვერ წამოეწეოდა. ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული ნაკაწრი“, - ამბობს ანას დედა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, ეს არის ადგილი, სადაც ანას სხეული იპოვეს.
ნატო ამბობს, რომ მისი შვილი იმ ხეების ქვეშ იპოვეს, სადაც შეუძლოდ მყოფი ბავშვი თავისით ვერ შევიდოდა. მისივე ვარაუდით, ბავშვს პირღებინება არა საკვების გადაცდენით, არამედ ძლიერი სტრესის გამო დაეწყო:
„ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანა ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი. როგორ, თუკი საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული ერევა, პირიქით, ცდილობს წაიხაროს. წვეთი მასა არ იყო გარეთ გადმოსული. მხოლოდ პირის ღრუ, ცხვირი და ფილტვები ჰქონდა სავსე. ეს მიჩენს ეჭვს და არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა. ძალიან ლოგიკურია, რომ ბავშვს სტრესის ფონზე დაეწყო პირღებინება და არა იმიტომ, რომ რაიმე გადასცდა. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ისეთი ხის ქვეშ, საიდანაც ვერ გამოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს არის ბლეფი. ამას ოჯახი არ დაიჯერებს. ეს არის დამალული გვამი. ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა. სამი კომშის ხე იდგა იქ, აი ამ კომშის ხეების ქვეშ იყო შეთრეული. მთელი უბანი წამალზე დამოკიდებულია. უმეტესობას გონება აქვს არეული, ვეღარ ვიგებ, ვის რა შეიძლება მოვკითხო და ვინ შეიძლება იყოს ამის გამკეთებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება გამოიკვლევს, რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია“.
არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნატო ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლულია. ანას ტელეფონი სამართალდამცავებმა მისი სხეულიდან საკმაოდ მოშორებით აღმოაჩინეს:
„ზუსტად მეტრებს ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო საკმაოდ შორს, შესაძლოა ასამდე მეტრშიც. ეს ტელეფონი მას დაუვარდა დევნის დროს და სავარაუდოდ, გაწევა-გამოწევის დროს“.
ნატო ხუტაშვილი ეხმაურება მისი შვილის გარდაცვალების დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ოჯახმა ბავშვის ცხედარზე ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა:
„მინდა ხაზგაზმით ვთქვა, რომ მაშინვე განვაცხადე თანხმობა, რომ ბავშვს სრული ექსპერტიზა ჩასტარებოდა, რათა გამოძიება გავიდეს გარდაცვალების რეალურ მიზეზზე. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ექსპერტიზამ პირველადი დათვალიერებით ბავშვის ფილტვებში პირღებინებით გამოწვეული მასა აღმოაჩინა, ამის თაობაზეც ვიტყვი - დიახ, აქ ჩემთვის არაფერი ახალი არ არის. მე პირველივე წუთებიდან ვიცოდი, რომ ჩემი შვილის ფილტვები ამ მასით იყო სავსე. ბავშვი რომ წამოვწიე, მისი ფილტვებიდან მაშინვე გავიგე ხმა - სითხე ბუყბუყებდა“.