თეგებით ძიება

საკუთარი სახლის უპირატესობები

დიდ ქალაქებში განხორციელებული უკონტროლო და ქაოტური მშენებლობების გამო, საკუთარი, თავისუფალი სივრცის ნელ-ნელა დაკარგვამ ადამიანებს კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა გაუჩინა ეპოვათ ისეთი ადგილი, სადაც მეტ თავისუფლებას და პრივატულობას შეიძენდნენ. სწორედ ამიტომ, კერძო სახლებში ცხოვრება, რომლებიც ძირითადად ქალაქის ცენტრისგან მოშორებით შენდება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

გადავწყვიტეთ დეტალურად გაგაცნოთ ის დადებითი მხარეები, რომელიც კერძო სახლში ცხოვრებას ახლავს თან.

სახლი და მისი ადგილმდებარეობა

ალბათ, კერძო სახლების ყველაზე დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ სად და როგორ სახლში ვიცხოვრებთ. მფლობელი თავიდან ბოლომდე იღებს მონაწილეობას სახლის დაგეგმვაში და საბოლოოდ ცხოვრობს სახლში, რომელზეც ოცნებობდა. თავისუფლება, რომელიც სივრცის დაგეგმვისა და ადგილის არჩევის დროს გეძლევა არის ყველაზე დიდი ფუფუნება, რომელიც სამწუხაროდ, კორპუსის ბინაში ცხოვრების დროს არ გაქვს. ძირითადად კერძო სახლი ყოველთვის უფრო მეტ სივრცეს მოიაზრებს, ვიდრე კორპუსის ბინა და შესაბამისად მფლობელს საშუალებას აძლევს დატკბეს ისეთ ოთახების არსებობით, როგორიცაა გარდერობი, საკუჭნაო, სხვენი, სავარჯიშო თუ საბავშვო ოთახები, ვერანდები, პირადი სააბაზანო ოთახები და სხვ. სახლის დაპროექტებაში არჩევანის თავისუფლება საბოლოოდ განიჭებს ისეთ შესაძლებლობებსა და კომფორტს, რომელიც ნამდვილად ღირს იმ შრომად, რასაც კერძო სახლის მშენებლობა მოითხოვს.  

როგორც დასაწყისში ვახსენე საკუთარი სახლების კიდევ ერთი დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ თავად ირჩევ სად იცხოვრებ. ზოგადად საკუთარ სახლში ცხოვრების პრაქტიკა ევროპასა და ამერიკაში ოჯახებისთვისაა დამახასიათებელი. იმ ოჯახებისთვის კი სადაც ბავშვები იზრდებიან მშვიდ, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაა პრიორიტეტული. შესაბამისად მოთხოვნა ყოველთვის იყო და ახლაც რჩება გარეუბნებზე, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, მთლიანად კერძო დასახლებით არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა, კერძო უბნების დაგეგმარება ძალიან დიდი პლიუსია, რადგან საკუთარ სახლებთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზე მოიაზრება ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც მაცხოვრებლების საჭიროებებს ერგება. დაწყებული ჰიპერმარკეტებიდან და აფთიაქებიდან, დამთავრებული სკოლებით და საბავშვო ბაღებით. ეს ყველაფერი კი კერძო სახლში ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. სწორი დაგეგმარების წყალობით ერთმანეთს ემიჯნება ქალაქის ცენტრის და საცხოვრებელი გარემო. ცენტრი აღიქმება როგორც სამუშაო სივრცე, ხოლო გარეუბანი ფორმირდება, როგორც პატარა, კომფორტული დასახლება, რომელიც დაცლილია ხმაურისა და ზედმეტი გამაღიზიანებლებისგან.

სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენთან საქართველოში ცალსახად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ზოგადად უბნების დაგეგმარება საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ არც მომხდარა. მაშინდელი ქალაქგეგმარება კი კერძო სახლების დასახლებას არ ითვალისწინებდა და მთლიანად იყო მორგებული მჭიდრო, საქალაქო დასახლებაზე. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის გვიანდელ და შემდგომ უკვე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში საკუთარი სახლები შენდებოდა, თუმცა ეს პროცესი მოიცავდა მხოლოდ სახლების აშენებას და არა დაგეგმილ მშენებლობებს. რაც დამატებით საჭიროებებს არ ითვალისწინებდა (ახლომდებარე სკოლა, ბაღი, სკვერი და სხვ). სწორედ ამიტომაა, რომ დღეს, თანამედროვე თბილისში მას, ვისაც საკუთარი სახლის აშენება სურს, ქალაქში სახლის ყიდვას ურჩევნია მისი გარეუბანში აშენება. დღევანდელი ცხოვრების რითმიდან გამომდინარე საზოგადოებამ ძალიან სწორი აქცენტების დასმით კარგად გაანალიზა თუ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელ სივრცე. ასეთი სივრცე კი ცალსახად ცენტრისგან მოშორებით აშენებული კერძო დასახლებებია.

უსაფრთხოების და საიმედოობის განცდა

კერძო სახლის ფლობისას თქვენ თავად უზრუნველყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას. გაქვთ თავისუფლება აირჩიოთ ისეთი მდგრადი მასალები, რომლებიც ამცირებს ხანძრის გავრცელების შესაძლებლობას, წყლის მილების მოშლას და დატბორვას. თქვენი სახლი არც მეზობლებისგან დაიტბორება იმიტო, რომ თქვენს თავზე არავინ იცხოვრებს. კერძო სახლი ასევე, დაცულია ისეთი უბედური შემთხვევისგან, როგორიცაა სხვა ბინის, ან ბენზინგასამართ სადგურის აფეთქებისგან გამოწვეული ზიანი. დამატებით საიმედოობის განცდას ქმნის ის, რომ თქვენ საცხოვრებელ ფართს არ ინაწილებთ მეზობლებთან. არ გიწევთ კონფლიქტი ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე და სხვა, წვრილმან საკითხებზე. თქვენი სახლის უსაფრთხოება მთლიანადაა თქვენზე დამოკიდებული და მაქსიმალურადაა შემცირებული გარე ფაქტორებით მათი დაზიანების რისკი.

ეზო და კონფიდენციალურობა

როდესაც საკუთარ სახლებზე და მათ დადებით მხარეებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ ვახსენოთ ეზო, რომელსაც კერძო სახლების კონცეპტი აუცილებლად მოიაზრებს და რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარეა. საკუთარი ეზო არის ის ფუფუნება, რომელიც საშუალებას გაძლევს აბსოლუტურად თავისუფლად და შენ გემოზე გაატარო დრო გარეთ. სწორედ საკუთარი ეზო სძენს სახლებს იმ ხიბლს რაც პირადი, თავისუფალი სივრცის არსებობას გულისხმობს და რაც, დღეს ასე ძალიან ჭირს. ეზოში არსებული სივრცე საკმარისია როგორც პარკირებისა და ავტოფარეხისთვის, ისე დასასვენებელი სივრცის, ბაღისა და აუზის მოსაწყობად. ეზო ასევე, საშუალებას გვაძლევს უფრო გაბედულად ვიყოლიოთ შინაური ცხოველები. მათი მოვლა ასეთ სახლში უფრო კომფორტულია, ვიდრე ბინაში.   რა თქმა უნდა, ეზოს ექსტერიერის დაგეგმარებაც მფლობელის სურვილების და მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება და შესაბამისად, იკვრება შიდა და გარე სივრცე რომელიც მთლიანადაა მორგებული პიროვნების კომფორტზე, რაც საკუთარ სახლს აქცევს იმ ადგილად, რომლის დატოვებაც არასდროს გინდება და რომელიც ყოველთვის საუკეთესო არჩევანია მეგობრული თუ ოჯახური შეკრებების დროს.  

და ბოლოს კონფიდენციალურობა არის ის დიდი ფუფუნება, რომელიც კერძო სახლის მფლობელს გარანტირებული აქვს. თქვენ იშენებთ „ციხესიმაგრეს“, რომელშიც თავისუფლად შეგიძლიათ ილაპარაკოთ ის რაც გსურთ და როგორც გინდათ, მოუსმინოთ ხმამაღალ მუსიკას და აკეთოთ ყველაფერი რაც მოგესურვება ისე, რომ არ შეაწუხოთ სხვა ადამიანები და თავი არ იგრძნოთ უხერხულად.

რა თქმა უნდა, კერძო სახლს თან ახლავს გარკვეული სახის უარყოფითი მხარები მაგალითად: სახლის მოვლასა და დასუფთავებაზე გაწეული დრო და ხარჯები და ა.შ. თუმცა ის კომფორტი, რომელსაც საკუთარი სახლის ფლობა გვთავაზობს იმდენად დიდია, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად ღირს მისი აშენება.

წყარო: kubik.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა