ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე მიმართვა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო
79-მარტის აქციების მონაწილის, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დაუშვებლად ცნო.
ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფლებადამცველის თქმით, სააპელაციომ აღკვეთის შეცვლის მოთხოვნაზე მიმართვა წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა. 31 მარტს მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 1 მაისს იწყება.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.