თეგებით ძიება

რა უნდა გააკეთოთ, თუ ქუჩაში პოლიციელმა გაგაჩერათ - "სირცხვილიას" განცხადება

მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის, როგორ უნდა იმოქმედონ, თუ ქუჩაში პოლიცია გააჩერებთ.

"• სამართალდამცველის მიერ თქვენი შეჩერების შემთხვევაში, პირველ რიგში, მოსთხოვეთ, წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი და შეჩერების საფუძველი, განსაკუთრებით, თუ მას სამოქალაქო ტანსაცმელი აცვია. პოლიცია ვალდებულია განგვიმარტოს შეჩერების საფუძველი. 

• შეჩერების დროს, თქვენც ვალდებული ხართ უთხრათ საკუთარი ვინაობა  და, არსებობის შემთხვევაში, წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, თუ პოლიციელს არც თქვენს ვინაობას ეტყვით, მას უფლება აქვს გადაგიყვანოთ უახლოეს განყოფილებაში, ვინაობის დადგენის მიზნით. ამ მომენტიდან სარგებლობთ დაკავებულის უფლება-მოვალეობებით. 

• შეჩერების დროს პოლიციელს მხოლოდ “ზედაპირული დათვალიერების” უფლება აქვს, რომელიც უნდა განხორციელდეს იგივე სქესის პოლიციელის მიერ. ზედაპირული დათვალიერება ნიშნავს ზედაპირულად, ხელის ან სხვა საგნის, მაგ. საწერი კალმის გამოყენებით ზედაპირულად პირის შემოწმებას და არ გულისხმობს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ჯიბეების ამოტრიალებასა და ჩხრეკას. 

• “ჩხრეკა” სულ სხვა სიმძიმის, სისხლისსამართლებრივი საგამოძიებო მოქმედებაა, რომლის კანონიერებისთვისაც აუცილებელია გაგაცნონ დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ან სასამართლოს განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. თუ თქვენ არ გსურთ ამოალაგოთ ნივთები ჯიბეებიდან ან ჩანთიდან, მოსთხოვეთ დადგენილების წარმოდგენა. ჩხრეკის მიმდინარეობისას, უფლება გაქვთ დაისწროთ მოწმე. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გამვლელიც. 

• თუ თვლით, რომ თქვენს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, არ მოაწეროთ ხელი ოქმებს! გამუდმებით ითხოვეთ იურისტთან დაკავშირება და დარეკვის უფლება.

• დახმარებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მოძრაობის ინსტაგრამ/ფეისბუქ გვერდებზე", - აცხადებს მოძრაობა, "სირცხვილია".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა