ვარჯიშის სხვადასხვა სახეობა, რომელიც შედეგს სწრაფად მოგცემთ - (რჩევები)
ყველამ ვიცით, ორმ სხვადასხვა ვარჯიში არსებობს, მაგრამ რომელია ყველაზე სასურველი მოძრაობები, რომელიც მყისიერ შედეგს მოგვცემს?
როდესაც საქმე ვარჯიშს ეხება, მიდგომა, რომელსაც იგივე შედეგების მიღწევა ნაკლები ძალისხმევით შეუძლია, ზედმეტად მიმზიდველად ჟღერს, რომ სიმართლე იყოს. თუმცა, სწორედ ეს აღმოაჩინეს მკვლევრებმა ვარჯიშის მეთოდებისა და ამის შედეგად კუნთების სიძლიერისა და ზომის ცვლილებათა ანალიზისას.
ახალ კვლევაში შეისწავლეს ჰანტელებით ვარჯიშის სამი სხვადასხვა ტიპი: ექსცენტრული (წონის დაწევა, კუნთის გაშლა), კონცენტრული (წონის აწევა, კუნთის მოხდა) და კონცენტრული და ექსცენტრული ერთად (ერთი ვარჯიშის დროს მონაცვლეობით აწევა და შემდეგ დაწევა).
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ვარჯიშმა გააუმჯობესა კონცენტრული (აწევა) ძალა, მხოლოდ ექსცენტრულმა და კონცენტრულ-ექსცენტრულმა გააუმჯობესა ექსცენტრული (დაწევის) და იზომეტრიული (სტატიკური) ძალა.
გარდა ამისა, გაუმჯობესებები იმ ჯგუფში, რომლის წევრებიც აწევა-დაწევის სავარჯიშოებს აკეთებდნენ, თითქმის იგივე იყო, რაც ჯგუფში, რომლის წევრებიც მხოლოდ დაწევის სავარჯიშოებს აკეთებდნენ.
„ეს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ შეგვიძლია, გაცილებით ეფექტიანები ვიყოთ ვარჯიშში დახარჯული დროის მხრივ და მაინც მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები, თუკი ვკონცენტრირდებით კუნთების ექსცენტრულ შეკუმშვაზე“, — ამბობს ავსტრალიის ედით კოუანის უნივერსიტეტის ვარჯიშისა და სპორტის მეცნიერი კენ ნოსაკა.
მისი განცხადებით, ჰანტელების შემთხვევაში, ბევრ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ ყველაზე სასარგებლო ან სულ მცირე გარკვეულწილად სასარგებლო აწევის ქმედებებია, მაგრამ როგორც მათ დაადგინეს, კუნთების კონცენტრულ შეკუმშვებს მცირე წვლილი შეაქვს ვარჯიშის ეფექტებში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კუნთების ექსცენტრული მოქმედებები იმავე შედეგებს აღწევს, რასაც კონცენტრულ-ექსცენტრული ვარჯიშები, იმის მიუხედავად, რომ ამ მეთოდს ნახევარი დრო სჭირდება. კუნთების გამსხვილების თვალსაზრისით, ასევე უმაღლესი შეფასება მიიღო მხოლოდ ექსცენტრულმა ვარჯიშებმაც.
შედეგები ადამიანთა ოთხ ჯგუფს ეფუძნება: 14 ადამიანი კონცენტრულ ვარჯიშებს აკეთებდა, 14 ექსცენტრულს, 14 კონცენტრულ-ექსცენტრულს, 11-კაციანი საკონტროლო ჯგუფი კი საერთოდ არ ვარჯიშობდა. ვარჯიშებს ჯგუფები ხუთი კვირის განმავლობაში, კვირაში ორჯერ აკეთებდნენ, ყოველ ჯერზე სამ ვარჯიშს ათი გამეორებით.
წყარო: 1tv.ge