კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს - რა ინფორმაცია გავრცელდა?
კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"Foreign Policy" წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს პროევროპელი ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ეს ხდება სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, რაც მთავრობამ დაარბია უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები წყლის ჭავლითა და ხელკეტებით.
მასალაში ვკითხულობთ, რომ ორპარტიული ჰელსინკის კომისია, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომის დროს, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი შეწყალების უფლება ევროპული ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.
ავტორი წერს, რომ ზურაბიშვილისთვის ხუთშაბათს გაგზავნილ წერილში კომისიის ლიდერები - კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, ასევე სენატორები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი, ერთად მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, ოპოზიციური სატელევიზიო არხის მფლობელი, რომელიც დააპატიმრეს 2022 წლის მაისში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების აზრით, გაყალბებული იყო.
ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს უთანხმოება აქვს საქართველოს მთავრობის დიდ ნაწილთან, რომელიც ბოლო დროს მოსკოვისკენ გადაიხარა.ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებდა საქართველოს პრორუსული მმართველი პარტიის კანონს, რომელიც არჩევნების დამკვირვებლებს, კორუფციის მეთვალყურეებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ოდენობას იღებდნენ, „უცხოურ აგენტებად" მიიჩნევდა. გამოცემა "Foreign Policy" ღიად წერს, რომ ეს კანონპროექტი იყო რუსული კანონის თითქმის ანალოგი, რომელმაც დახურა ათობით დამოუკიდებელი მედია საშუალება და გააძლიერა კრემლის ცენზურა ოპოზიციის ხმებზე.
„თქვენი პრეზიდენტობის განმავლობაში, თქვენ იყავით გამოკვეთილი და პრინციპული ლიდერი ქართული დემოკრატიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნის ციკლის გაწყვეტა, როგორიცაა ბატონი გვარამიას გათავისუფლების უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და უსამართლობის გამოსწორებაა, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯი ქართველების დამსახურების დასაცავად- მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი",- ნათქვამია წერილში.
გამოცემის თანახმად, აშშ-ს მოთხოვნა გაჟღერდა იმ მზარდი ნიშნების ფონზე, როცა აშკარაა, რომ ქართველი ხალხი სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ევროპასთან ინტეგრაციას, მიუხედავად პრორუსული მთავრობისა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, რომელიც ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 75 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 69 პროცენტი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას, რომლის დაპირება პირველად თბილისმა მიიღო 2008 წელს რუსეთთან აგვისტოს ომის წინ.
სტატიის ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი შესთავაზა, მაგრამ საქართველოს ასეთი პატივი წილად არ ხვდა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო.