თეგებით ძიება

სანიტარი კაცი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ეხებოდა პაციენტს - სექსუალური დანაშაულის ინტიმური დეტალები ცნობილია

ხშირია შემთხვევები, როდესაც ჭორად, თუ მტკიცებულებებით მყარდება, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პაციენტები არასათანადო პირობებში არიან.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" რამდენიმე ხნის წინ წერდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ქალის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ.

როგორც ირკვევა, 2022 წლის 29 მარტს პროკურატურამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ქალის, თამარის*, დაზარალებულად ცნობაზე და თამარი მხოლოდ ძალადობის ფაქტზე სცნო დაზარალებულად. ორგანიზაცია ქალის მსხვერპლად აღიარებას ითხოვდა დამამცირებელი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის მუხლით.

ძალადობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში

თამარს* ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები აქვს. როდესაც მდგომარეობა უმწვავდება,  მისი პირადი ფსიქიატრის რეკომენდაციით, ის  ნებაყოფლობით მკურნალობას გადის სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2021 წლის ნოემბრის ბოლოს მოხდა. თამარმა დახმარებისთვის, საკუთარი სურვილით, ფსიქიატრიულ დაწესებულებას - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის  ცენტრს მიმართა.  დაწესებულებაში შესვლისთანავე თამარს მოსთხოვეს მობილური ტელეფონის დატოვება.  საჭიროების შემთხვევაში დაპირდნენ ტელეფონის დაბრუნებას. კლინიკაში თავისუფალი პალატა არ იყო, ამიტომ მისაღებ ოთახში სანიტრ კაცებთან და სხვა პირებთან ერთად მოუწია ღამის გათენება. პალატაში დილით გადაიყვანეს. იმავე დილას, მან გადაწყვიტა დაწესებულების დატოვება, რადგან იქ პირობები ძალიან მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ნებაყოფლობით მკურნალობაზე იმყოფებოდა და, კანონის მიხედვით, ნებისმიერ დროს, თავისუფლად შეეძლო დაწესებულების დატოვება, მას პერსონალმა უთხრა, რომ ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობის გარეშე ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ვერ დატოვებდა. თამარმა დილას დედასთან დარეკა, მისვლა და იქიდან წაყვანა სთხოვა.

დილის საათებშივე თამარმა თავი ცუდად იგრძნო: თავბრუ დაეხვა, გულის მიდამოში ჩხვლეტას გრძნობდა. ის ექთნის კაბინეტთან სანიტარმა მიაცილა და ექთანს სთხოვა თამარისთვის დახმარება აღმოეჩინა. დახმარების ნაცვლად ექთანმა დაუყვირა „მე რა გავაკეთო.“ ექთნის უყურადღებობით შეწუხებულმა თამარმა ოთახი დატოვა.

თამარმა რამდენჯერმე მოითხოვა თავისი მობილური ტელეფონი, რათა დედასთან დაერეკა და გაეგო როდის შეძლებდა საავადმყოფოს დატოვებას.  დაწესებულების პერსონალის უყურადღებობის და მძიმე გარემოს გამო, მას თანდათან გაუძლიერდა შფოთვის შეტევა. მისი მდგომარეობა გამწვავდა. თამარი თავის პალატაში შევიდა და სუიციდი სცადა. ვინაიდან, თამარი  უმეთვალყურეოდ იმყოფებოდა მისი ეს მცდელობა დაწესებულების პერსონალს შეუმჩნეველი დარჩა. 

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, თამარი კვლავ იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და მის საჭიროებებს ყურადღებას არცერთი პროფესიონალი არ აქცევდა. მან კვლავ სცადა სუიციდი, რა დროსაც, თამარს სხვა პაციენტები დაეხმარნენ. თამარმა დაიწყო ყვირილით დახმარების თხოვნა, ტელეფონის და ექიმთან გასაუბრების მოთხოვნა. პერსონალმა იცოდა, რომ თამარს  დაწესებულებიდან წასვლა სურდა, თუმცა მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

მას ყვირილით უპასუხა ექთანმა, რომელმაც მანამდე სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრა. თამარმა მისი ოთახის კარი მიიჯახუნა და თავის პალატისკენ წავიდა. ამ დროს, მას სანიტარი კაცი გამოედევნა, რომელიც ჯერ დასჯით დაემუქრა და შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ზურგიდან ხელი კრა და სხვა პერსონალის დახმარებით ძირს დააგდო. ხელები და ფეხები გაუკავეს. ერთ-ერთი სანიტარი თამარს ფეხებით დაადგა სხეულის ნაწილზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ხელ-ფეხ შეკრული თამარი დაწოლილ მდგომარეობაში გადაიყვანეს პალატაში, სადაც სპეციალური ქამრების მეშვეობით დააბეს საწოლზე და გაუკეთეს ნემსი.  იგი ისე მჭიდროდ ჰყავდათ დაბმული, რომ რამდენიმე წუთში, თამარს მხრები ატკივდა.

დაბმულ მდგომარეობაში მყოფი თამარი პალატაში მარტო დატოვეს პერსონალის მეთვალყურეობის გარეშე, რა დროსაც მასთან სხვა პაციენტი შევიდა და სექსუალური შინაარსის შეხება სცადა. რამდენიმე წუთში, თამარის პალატაში ის სანიტარი კაცი შევიდა, ვინც თამარზე იძალადა. მან ისარგებლა თამარის დაბმით, ჯერ სხეულის  სრესვა დაიწყო შემდეგ, ტუჩებში აკოცა. ხელით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, მათ შორის მუცელსა და ბარძაყებზე, შეეხო. თამარის ყვირილის შემდეგ, მან პალატა დატოვა. თამარი დაბმული ჰყავდათ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

რამდენიმე საათში, თამარს დედის გამოგზავნილი ჩანთა მიუტანეს, რომელშიც  წერილი იდო. დედა წერდა, რომ მისი წაყვანის უფლება ექიმებმა არ მისცეს.

თამარის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ფსიქიატრიული დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 12 აპრილს პროკურორმა ბრალდება მხოლოდ ერთ თანამშრომელს, სანიტარს წარუდგინა.

სანიტარმა, მაშინ როდესაც თამარის მხრიდან არ არსებობდა საკუთარი თავის  ან სხვა პირების მიმართ ზიანის მიყენების საფრთხე, თანამშრომლებთან ერთად, თვითნებურად შებოჭა იგი.

შებოჭვის დროს სანიტარმა რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი თამარს ზურგის მიდამოში, შემდეგ კი ძირს დავარდნილ ქალს ორივე ფეხით დაადგა ფეხებზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

რა დაადგინა სასამართლომ?

2023 წეის 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე. პროკურორი ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით 4000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას. სასამართლომ ბრალდებულ სანიტარს  1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

PHR განაგრძობს ქალის ინტერესების დაცვას და ითხოვს გამოძიებამ სრულყოფილად შეაფასოს ქალის მიმართ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელებული უფლებების დარღვევა, მათ შორის დაწესებულების დატოვების უფლების უკანონოდ შეზღუდვა და სექსუალური ძალადობა.

წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა