„დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს“ - ნიკა გვარამია ეკა კვესიტაძის დაჯარიმებაზე
“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჟურნალისტ, ეკა კვესიტაძისთვის „რუსთავი 2“-სთვის გადასახდელი ჯარიმა ძალაში დატოვა.
“რ2-დან უკანონოდ გამოგდებულ ეკა კვესიტაძეს დღეს სააპელაციო სასამართლომ იქით დააკისრა 12 000 ლარი რ2-ის სასარგებლოდ. ორივე ეპიზოდი არის ქვეყნის გამორჩეული კრიტიკული ხმის პოლიტიკური დევნა და მოითხოვს მკაფიო და ხისტ რეაქციას.
პირადად მე, როგორც “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ სამართლებრივი ძალადობის პირისპირ ეკა არ დარჩება მარტო და თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს უკანონო გადაწყვეტილებას, დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს.
ნიკა #212″, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" წამყვანი, ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ 12 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.