თეგებით ძიება

რა უნდა იცოდეთ ჩუტყვავილას შესახებ? - ინფექციონისტის რჩევა მშობლებს

ექიმი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ აუცილებლად სპეციალისტს და რა ნიშნები არ უნდა გამოგრჩეთ მაშინ, როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა აქვს:

ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა. მისი ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით, რამდენიმე დღიდან, მაქსიმუმ 3 კვირამდე გრძელდება. საშუალოდ, მე-10-მე-14 დღეს შეიძლება გამოვლინდეს და როგორც აღვნიშნე, მწვავედ იწყება. შესაძლოა, პაციენტს აღენიშნებოდეს ტემპერატურული რეაქცია, ზოგადი სისუსტე, შემდეგ კი სპეციფიკური გამონაყარი ვითარდება. თავიდან, შესაძლოა, ლაქოვანი ელემენტები იყოს, შემდეგ უკვე ბუშტუკები, ანუ ვეზიკულები ჩნდება. როგორც წესი, თავდაპირველად, გამონაყარი სახეზე, თავის თმიან ნაწილში, გულმკერდზე ვითარდება და შემდეგ უკვე მთელ სხეულზე ვრცელდება. ძირითადად, ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკში გვხვდება ხოლმე და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, მძიმე მიმდინარეობაც აღინიშნება. დაახლოებით, 100-დან 2 პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს ეხება როგორც ბავშვთა ასაკს, ასევე მოზრდილებსაც.

- რა შემთხვევაში უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ექიმის დახმარება სჭირდება?

- არის გარკვეული საყურადღებო ნიშნები, რომლებზეც მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. თუ არის მაღალი, უკონტროლო ცხელება და პირველ 48 საათში საკმაოდ უხვი გამონაყარი ვითარდება, გამონაყარი მთელ სხეულზეა გავრცელებული, ან კიდევ არის ე.წ. ჰემორაგიული გამონაყარი, ანუ გამონაყარს სხეულზე თან ახლავს სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები, ეს საკმაოდ სერიოზული სიმპტომებია და ნიშნავს იმას, რომ მშობელმა პირველივე დღეებიდან ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც მდგომარეობას შეაფასებს და ადეკვატურ რეკომენდაციებს მოგვცემს. არსებობს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი, რომლის დაწყებაც მსგავს გართულებულ შემთხვევებში პირველ 48-72 საათში საკმაოდ ეფექტურია და დაავადების მძიმე მიმდინარეობას თავიდან გვარიდებს.

წყარო:  mshoblebi.ge 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა