"მითხრა, რომ..." - რა უთხრა დიდ დიღომში გარდაცვლილი ანის დედას კაცმა, რომელსაც ეზებდა?
თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელსაც ის ეძებდა, საუბარი ჰქონდა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
„მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ“, - აცხადებს ნატო ხუტაშვილი "რადიო თავისუფლებასთან".
ანის დედის თქმით, ამ ეტაპზე, უცნობია, ხომ არ ჰყავს გამოძიებას იდენტიფიცირებული პირი, რომელსაც შესაძლოა ჩაედინა მისი შვილის მკვლელობა:
„ვინმე ასეთი რომ მეგულებოდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი. ასეთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს. მე ჩემს ანის დავპირდი, რომ როგორც კი მსგავსი ვინმე გამოჩნდება, თუ მეუღლემ არ დამასწრო, მე პირადად გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს. მანამდე, მთავარია, დროულად გავიგოთ სრულყოფილი ექსპერტიზის პასუხები, რაც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“, აცხადებს ხუტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხუტაშვილმა სოციალურ ქსელში ორი უცნობი ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ შესაძლოა, ანას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაცია ჰქონოდათ.
ცნობისთვის, 12 წლის ანა იანუშაიტიტე 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე გოგონა დაღუპული იპოვეს.