2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 17.3%-ით გაიზარდა, ხარჯები კი, 20.3%-ით - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 596.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3 პროცენტით მეტია.
ამასთან, 2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6 პროცენტით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9 პროცენტით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 პროცენტით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46.1 პროცენტი შეადგინა. ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 პროცენტს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტი შეადგინა.