მეგონა, ქართველები მადლობას მეტყოდნენ - ვლადიმერ პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ქართველების რეაქციამ გააკვირვა. ამის შესახებ მან მოძრაობის, "საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა. მეგონა, რომ ყველა იტყოდა - მადლობა, ეს კარგიაო - მაგრამ არა, იქ ამ თემაზე სრულებით გაუგებარი ქარიშხალი ატყდა. ძალიან უცნაურია და სიმართლე ითქვას, მოულოდნელია. როცა გვერდიდან ვუყურებ, ვფიქრობ - სულ შეიშალნენ? რა ხდება იქ, მათთან, გაუგებარია“, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.