როგორი იქნება ივნისი? - ასტროგიური პროგნოზი
ასტროლოგი, რამაზ გიგაური ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ინგრესია:
5 ივნისი > ვენერა ლომის ზოდიაქოში
11 ივნისი < პლუტონის (რეტროგრადულად) თხის რქის ზოდიაქოში
11 ივნისი > მერკური ტყუპის ზოდიაქოში
17 ივნისი > სატურნის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება
21 ივნისი > მზე კირჩხიბის ზოდიაქოში
27 ივნისი > მერკური კირჩხიბის ზოდიაქოში
4 ივნისს - სავსემთვარეობა, 18 ივნისს კი - ახალმთვარეობა დაფიქსირდება.
თბილისის დროით ეს მოხდება:
სავსემთვარეობა - 4 ივნისს (7:42 საათზე)
ახალმთვარეობა - 18 ივნისს (9:37 საათზე).
დაძაბული დღეები: 5, 7, 15, 22, 26, 28, 29, 30
ჰარმონიული დღეები: 11, 17, 19, 21
ივნისის პირველი დღეები ასტროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ რთული და დაძაბული იქნება. ეს განსაკუთრებით 1-2 ივნისს ეხება, რადგან ტრანზიტული მთვარე იმოძრავებს მორიელის ზოდიაქოში და ნეგატიურ ასპექტს შექმნის მარსთან, რაც გაზრდის აგრესიულ ფონს და შექმნის ფეთქებადსაშიშ სიტუაციებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ივნისის შემოქმედებითი ენერგია 3, მაქსიმუმ 5 ივნისიდან გახდება საგრძნობი. საერთოდ, 1-3 ივნისის შუალედში ასევე მაღალი იქნება ავტოავარიების და ტექნიკის დაზიანების ალბათობა. ამიტომ ეს პერიოდი ყველამ სიფრთხილით და მშვიდად უნდა გაიაროს.
5-11 ივნისის შუალედში მერკური ასრულებს კუროს ნიშანში მოძრაობას, ამიტომ ბევრი ადამიანი, ვისაც მაისში საქმეების გარკვეული გადაწყობა და „ახალ რელსებზე დადგომა“ მოუწია, სწორედ ამ პერიოდში მიიღებს სასიკეთო მატერიალურ შედეგებს.
საერთოდ, დირექტიული მერკურის გავლენა მიანიშნებს, რომ გადაადგილების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების კუთხით წარმატების ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ 11-26 ივნისის შუალედი, როდესაც მერკური თავის ნიშანში - ტყუპში იმოძრავებს. მერკური აქ კომუნიკაბელურობას, გამჭრიახობას, მენტალურ თუ ვერბალურ მოქნილობას სრულად ავლენს. ამიტომ ეს პერიოდი შეთანხმებების და ხელშეკრულების გაფორმებისთვის მეტად სასიკეთო იქნება. აქ ბუნებრივია, უნდა გამოვრიცხოთ 17-18 ივნისი - ახალმთვარეობის წინა დღე და ახალმთვარეობა. ამ დღეებში არ ღირს გრძელვადიანი პროექტების დაწყება და საბუთების გაფორმება. ასევე 13-14 ივნისის შუალედში მოსალოდნელია მცირედით დამუხრუჭდეს ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის მომენტი, გართულდეს კომუნიკაცია. მიუხედავად ყველაფრისა, მთლიანობაში, 11-26 ივნისის შუალედი სასიკეთო პერიოდად უნდა ჩათვალოს.
რაც შეეხება პლანეტა ვენერას, ის ივნისის დასაწყისში შეიცვლის ნიშანს და კირჩხიბიდან ლომში გადაინაცვლებს. მისი მოძრაობის სიჩქარე ძალიან დაიკლებს და საერთოდ, ივლის-აგვისტოში რეტროგრადულად იმოძრავებს. ფაქტობრივად, ის ოქტომბრის პირველი დეკადის ჩავთვლით, ლომის ნიშანში დარჩება. ასე რომ, ვენერას ლომის ნიშანში მოძრაობის თითქმის ოთხთვიანი ფაზა საკმაოდ სასიკეთო იქნება. მისი გავლენა ბევრი ადამიანის პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება. მათ ცხოვრებაში დაიწყება შემოქმედებითი პერიოდი, რომელიც სასიკეთოდ გამოვლინდება როგორც ხელოვნების, ისე სასიყვარულო-სექსუალური ურთიერთობების განვითარების კუთხით. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო რომანის დაწყება ან სერიოზული ცვლილებები პირად ცხოვრებაში. შედარებით, პრობლემური იქნება ზაფხულის ბოლო, რომელიც ვენერას ნეგატიური ასპექტების გამო გამო გამორჩეული იქნება სასიყვარულო სფეროში დაძაბულობითა და განხეთქილებით. თუმცა მანამდე ვენერა თავის ინტენსიურ გავლენას უკვე ივნისის ბოლოს გამოავლენს, როდესაც შეუერთდება მარსსა და შავ მთვარეს, ამასთანავე, ურანთან შექმნის ნეგატიურ ასპექტს, ასე რომ, სასიყვარულო სფეროში ცდუნების, განხეთქილების და პირადი ცხოვრების ნეგატიურად შემოტრიალების ალბათობა უკვე 28-30 ივნისის შუალედში გაჩნდება. ამიტომ ამ დღეებში ყველას პირად ცხოვრებაში სიფრთხილე და წინდახედულების გამოვლენა მართებს. ამ მოკლე ფაზების გარდა, მთლიანობაში ეს პერიოდი სასიკეთო იქნება.
18 ივნისის ახალმთვარეობა თვეს თითქმის შუაზე ჰყოფს, მითუმეტეს, რომ 21 ივნისს მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც გააძლიერებს ოჯახურ ურთიერთობებს და ბევრ ადამიანს უბიძგებს ახალი პროექტების დაწყება-განვითარებისკენ.
გლობალური კუთხით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს პლუტონის რეტროგრადულად მოძრაობის გამო მერწყულიდან თხის რქის ნიშანში დაბრუნება. ეს მიანიშნებს გეოპოლიტიკური კუთხით ახალ „გადაწყობას“, ახალ მოძრაობას. ყველა ის გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც აქამდე არ გადაჭრილა, სწორედ ივნისში გააქტიურდება და მთელი ინტენსივობით გამოვლინდება. ბუნებრივია, პირველ რიგში ეს შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს. ივნისი ეს არის მეორე გარდამტეხი თვე მაისის შემდეგ. საერთოდ, 2023 წლის გაზაფხული და ზაფხული ეს არის ამ ომის საერთოდ ან პირველი ფაზის დამასრულებელი ციკლი. როგორ დალაგდება მსოფლიო გეოპოლიტიკა უახლოეს ათწლეულში ამას სწორედ დროის ეს ვიწრო მონაკვეთი განაპირობებს (2023 წლის გაზაფხული-ზაფხული). ამ პერიოდში უკრაინას ექნება უდიდესი შანსი, რომ მიაღწიოს სრულ გამარჯვებას ან მიაღწიოს ისეთ პოზიციას, რომელიც მის შემდგომ გამარჯვებას დიდწილად განაპირობებს.
ივნისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ასევე პლუტონის ციკლი.
ის რეტროგრადული ფაზის დროს, როდესაც თხის რქის ნიშანში იმოძრავებს, საკმაოდ რთულ პერიოდს შექმნის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს ასტროლოგიური ციკლი გაგრძელდება ორ ფაზად, პირველის დასრულება - 2023 წლის 11 ოქტომბერი და მეორეს დასრულება - 2024 წლის 21 იანვარს.
ეს ციკლი ცალსახად უკავშირდება ფინანსურ საკითხებს.
პრინციპში, ამ თემაზე ჯერ კიდევ 20 აპრილს გამოვაქვეყნე პროგნოზი:
დამატებით შეიძლება ითქვას, რომ თუ 2023 წლის შემოდგომის ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებმა შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა, მაშინ არა თუ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო თავიდან აირიდებს სერიოზულ ფინანსურ კრიზისს. ხოლო თუ 2023 წლის შემოდგომის ბოლომდე ამერიკის ფინანსურ ბაზარზე და განსაკუთრებით საბანკო სისტემაში და ბიზნესში გაჩნდა ძლიერი რყევის ნიშნები, მაშინ მოსალოდნელია ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით „დომინოს პრინციპით“ ბევრი კომპანიის გაკოტრება მოჰყვეს.
იმედია, უახლოეს პერიოდში და საერთოდ, 2023 წელს ამერიკა შეინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, ხოლო უკრაინა გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს „წითელ დემონს“ - რუსეთს", - წერს გიგაური.