პრეზიდენტის გამოსვლა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე - დავით უსუფაშვილი
პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
„აღმოჩნდება თუ არა საკმარისი ეს გამოსვლა იმის საკომპენსაციოდ, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა ან ცუდად გააკეთა – შარლ მიშელის შეთანხმება გადააგდო და სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს. შარშან მიშელის შეთანხმების ფარგლებში რომ ვყოფილიყავით, შარშანვე ამ სტატუსს მივიღებდით. სამწუხაროდ, ვინც მიშელის შეთანხმებას ხელი არ შეუწყო, ხელი შეუწყო საქართველოს გზის გართულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ეს სწორი თემები იყო. არ მგონია, რომ ამაზე მეტი კონკრეტიკა შეეძლო, სულ ერთი კვირის წინ გაცილებით მწვავე იყო ხელისუფლების მიმართ. ბრიუსელის ტრიბუნა არ იყო ის ტრიბუნა, სადაც პრეზიდენტს შიდაპოლიტიკური პროცესები უფრო დეტალურად უნდა გაერჩია.
ჩემს პირად დაკვირვებას მოგახსენებთ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს – მგონია, რომ პრეზიდენტი მზად არის ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, თუმცა ალბათ, ორი ფაქტორია, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ერთი, როდის და რა ვითარებაში, რომ გარდა ჰუმანური აქტისა, ამან პოლიტიკური შედეგი მოუტანოს ქვეყანას და მეორე, ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც, რაც მეტს შეუძახებ, მეტს გააკეთებს და არიან ადამიანები, რომელსაც, რაც მეტს შეუძახებ, ცოტას გააკეთებს. ალბათ, რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.