"რუსეთის მოქალაქეებმა დაახლოებით 10 ათასი ბინა იყიდეს. რუსეთის 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ ხანგრძლივად დაუკავშირა ცხოვრება საქართველოს" - რას წერს რომან გოცირიძე?
დეპუტატი, რომან გოცირიძე უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის საკითხს ეხება და რუსეთის მოქალაქეებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.
"ერთმა ჩალმიანმა ინდუსმა, რომელმაც აქ მიწა იყიდა, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოიწვია, მაშინ როცა რუსეთის უკრაინაში აგრესიიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს დაახლოებით 450 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და ამას მთავრობა “გაგებით ეკიდება”.
გასული წლიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს დაახლოებით 10 ათასი ბინა. თუ ვიგულისხმებთ, რომ ამ ბინაში ჩასახლდა სულ მცირე ორი ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ ხანგრძლივად დაუკავშირა თავისი ოჯახის ცხოვრება საქართველოს.
ათასობით ქირით მაცხოვრებელთა მიზანიც შეიძლება იგივე იყოს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირდა დაახლოებით 700 იურიდიული პირი და 10 ათასამდე ინდმეწარმე.
ფაქტობრივად, უწყვეტი უვიზო რეჟიმის (შემოღებული იქნა 2015 წელს) ევროპულ სტანდარტებთან მოყვანაც კი არ უნდათ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენა ყოველ 6 თვეში მხოლოდ 90 დღე. ეს ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და არც სავიზო რეჟიმის დაწესება იქნებოდა საჭირო.
პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტები მზადაა, მთავრობა დუმს. რაც რუსეთს ეხება, ტაბუირებულია", - წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ათასობით მოქალაქე გამოიქცა საქართველოში.