თეგებით ძიება

ჩარლი ჩაპლინის ემოციური წერილი თავისი ქალიშვილისადმი, რომელიც ყველა მამამ უნდა წაიკითხოს

გთავაზობთ ლეგენდარული მსახიობის, ჩარლი ჩაპლინის მიერ ქალიშვილისადმი მიწერილ ემოციურ წერილს, რომელიც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს.

"ჩემო გოგონავ,

ახლა შობის ღამეა. ჩემი პატარა ციხის ყველა შეიარაღებულ მეომარს ჩაეძინა. შენს და-ძმას სძინავს. დედაშენსაც ჩაეძინა. როდესაც ამ ნახევრადგანათებული ოთახისკენ მოვდიოდი, კინაღამ გავაღვიძე მძინარე წიწილები.

რა შორს ხარ ჩემგან! მაგრამ მირჩევნია დავბრმავდე, ვიდრე შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. მაგრამ სად ხარ? იქ, ზღაპრულ პარიზში, ელისეს მინდვრების დიდებულ თეატრალურ სცენაზე ცეკვავ. ეს კარგად ვიცი, თუმცა მეჩვენება, რომ ღამის სიჩუმეში ნაბიჯების ხმა მესმის, ვხედავ შენს თვალებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ანათებს ზამთრის ცაზე. ვიცი, რომ ამ სპექტაკლში თათარ ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. ივარსკვლავე და იკაშკაშე. თუ მაყურებლის აფრთოვანება და აღტაცება დაგათრობს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელება თავბრუს დაგასხამს, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური დაუგდე მამაშენის ხმას.

მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

როცა ბავშვი იყავი, იცი რამდენი ღამე ვიჯექი შენს საწოლთან და გიყვებოდი ზღაპარს მძინარე მზეთუნახავზე, ცეცხლოვან დრაკონზე? ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი მოერეოდა, მეცინებოდა და ვამბობდი: „გამშორდი! მე ჩემი გოგოს ოცნებები მესიზმრება! მე შენს ოცნებებს ვხედავდი, ჯერალდინა.

ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავ იმ გოგონას? ის ბებერი კლოუნის ქალიშვილია. არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?

ჰო! მე ვარ ჩარლი! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ კი პრინცესას აბრეშუმის კაბა გეცმევა. ეს ცეკვა და ტაშის ხმა დროდადრო ზეცაში აგტყორცნის. იფრინე! იფრინე იქით!

მაგრამ შენც დაბრუნდი დედამიწაზე! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – იმ ქუჩის მოცეკვავეების ცხოვრება, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით აკანკალებული რომ ცეკვავენ. მეც მათნაირი ცხოვრება გავიარე, ჯერალდინა! იმ ჯადოსნურ ღამეებში, როცა ჩემი ზღაპრებით დამშვიდებული იძინებდი, მე არ მეძინა. ვუყურებდი შენს სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: "ჩარლი, ეს კნუტი ოდესმე გაგიცნობს?" შენ მე არ მიცნობ, ჯერალდინა... ბევრ ზღაპარს გიამბობდი იმ ღამეებში, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასდროს მომიყოლია. ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია -მშიერ მასხარაზე, ლონდონის ღატაკთა კვარტალებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! გავიგე, რა არის შიმშილი და რას ნიშნავს უსახლკარობა! უფრო მეტიც, მე განვიცადე მოხეტიალე მასხარის დამამცირებელი ტკივილი, რომლის მკერდში სიამაყის მძვინვარე ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. და მაინც ცოცხალი ვარ, მოდი, აქ გავჩერდეთ. ჯობს შენზე ვისაუბროთ!

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი არაფერია იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

შუაღამისას, როცა უზარმაზარი დარბაზიდან გამოხვალ, დაივიწყე მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არ აქვს, რომ მომავალი შვილისთვის სახვევები იყიდოს. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.

მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. მაგრამ ყველა დანარჩენს ზუსტად გადაუხადე! დროდადრო ისარგებლე მეტროთი ან ავტობუსით, იარე ფეხით და დაათვალიერე ქალაქი. დააკვირდი ხალხს, ქვრივ- ობლებს! თუნდაც დღეში ერთხელ მაინც ჰკითხე საკუთარ თავს: მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!

დიახ! შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო გოგონავ. უფრო მეტიც! ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს შეასხამს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს. როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე დატოვე სცენა. დაიჭირე პირველი ტაქსი და პარიზის ისეირნე გარეუბნებში, რომლებსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ!

იქ ნახავ უამრავ მოცეკვავეს, შენნაირსაც და კიდევ უფრო ლამაზს, მოხდენილს და ამაყს. იქ ვერსად ნახავ თქვენი შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ სიკაშკაშეს. დააკვირდი ყურადღებით! შენზე უკეთ არ ცეკვავენ? აღიარე, ჩემო გოგონავ!

ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს! და დაიმახსოვრე, ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ისეთი ხეპრე ადამიანი, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს…

მე მოვკვდები, მაგრამ შენ იცოცხლებ... არ მინდა, ოდესმე სიღარიბე გამოსცადო! ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს. დახარჯე, რამდენსაც მოისურვებ, მაგრამ როდესაც ორ ფრანკს დახარჯავ, საკუთარ თავს შეახსენე, რომ მესამე მონეტა შენი არ არის. ის ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. მე გავიცანი ფულის ეშმაკური ძალა.

ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე მოთამაშე ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონავ – ადამიანი უფრო ხშირად ეცემა მყარ მიწაზე, ვიდრე ჯამბაზი მავთულის თოკიდან.

შესაძლოა, ერთ-ერთ საღამოზე ალმასის ელვარებამ დაგაბრმაოს. სწორედ ამ დროს ის შენთვის სახიფათო თოკი გახდება და შენი დაცემა გარდაუვალი იქნება.

შესაძლოა, ერთ დღესაც უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ გამოუცდელი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს.

ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა. საბედნიეროდ, ის ყველასთვის ერთნაირად ანათებს. როცა დრო მოვა და სიყვარული გეწვევა, წრფელი გულით შეიყვარე შენი რჩეული. სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს.

ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო სუფთა და შემოსილი უნდა დაბრუნდე… მაგრამ ამქვეყნად არაფერი და არავინ იმსახურებს გოგოს ფეხის ფრჩხილების ყურებას. სიშიშვლე ჩვენი დროის დაავადებაა.

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, შენი შიშველი სხეული მას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. ნუ შეგეშინდება, თუ ამ თემაზე შენი აზრი ათწლეულის წინანდელია. არ იდარდო! ეს ათწლეული ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.

მე ვიცი, რომ მამები და შვილები ერთმანეთთან ბრძოლობენ. შემებრძოლე, ჩემს ფიქრებს შეებრძოლე, ჩემო გოგონავ! არ მიყვარს მორჩილი შვილები. ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, თვალებიდან ცრემლები არ მომდის, მინდა მჯეროდეს, რომ დღევანდელი შობის ღამე სასწაულების ღამე იქნება. ნეტავ, მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი უკვე დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან, თეთრი სასცენო აბრეშუმის კაბის ნაცვლად, შავი უნდა ჩაიცვა და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გაწყენინო. მხოლოდ დროდადრო ჩაიხედე სარკეში, იქ მე - ჩემს თვისებებს დაინახავ. მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი - ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა,

შენი ჩარლი".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა